
ყირიმისთვის ბრძოლა გადაწყვეტს რუსეთ-უკრაინის ომს - Insider
30/01/2023 14:23:13 ევროპა
რუსეთის ომი უკრაინაში შეიძლება კიდევ უფრო სასტიკი გახდეს ამ წელს, რადგან მოსალოდნელია რუსეთის მთავარი შეტევა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური წარმოების უფრო მოწინავე იარაღის მიწოდება. ომის ეს ახალი ფაზა შეიძლება მივიდეს ყირიმისთვის ბრძოლამდე, – ნათქვამია ამერიკული გამოცემის Insider-ის სტატიაში.
„ამ ომის გადამწყვეტი ტერიტორია ყირიმია. უკრაინის მთავრობამ იცის, რომ ვერ მიიღებს რუსეთის მიერ ყირიმზე კონტროლის შენარჩუნებას“, - ციტირებს Insider ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილ მეთაურს, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს.
„მომდევნო რამდენიმე თვეში უკრაინა შექმნის პირობებს ყირიმის შესაძლო განთავისუფლებისთვის“, – დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა „არასოდეს იქნება უსაფრთხო და ვერ შეძლებს ეკონომიკის აღდგენას, სანამ რუსეთი ყირიმს შეინარჩუნებს“.
როგორც ჰოჯესმა Insider-თან აღნიშნა, ყირიმის წარმატებით დეოკუპაციისთვის უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღი, როგორიცაა უფრო დიდი მანძილის ATACMS–ის რაკეტები, რომელთა გაშვება შესაძლებელია HIMARS–ის დანადგარით.
ამავდროულად, როგორც Insider-მა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდებისგან, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმზე დასარტყმელად. ჰოჯესმა თქვა, რომ აშშ-ის მთავრობის თავშეკავებულობამ მსგავსი იარაღის მიწოდებაზე, ფაქტობრივად, უზრუნველყო „უსაფრთხო თავშესაფარი“ რუსული სისტემებისთვის, რომლებიც „კლავენ უდანაშაულო უკრაინელებს“ ყირიმსა და და სხვაგან.
Insider აღნიშნავს, რომ ბრძოლა ყირიმის დასაბრუნებლად შეიძლება, იყოს "უკიდურესად სისხლიანი" ომში, რომელსაც უკვე მოჰყვა უზარმაზარი მსხვერპლი ორივე მხრიდან.
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ, რომელსაც ციტირებს Insider, 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების ალბათობა „უახლოეს მომავალში არც თუ ისე მაღალია სამხედრო თვალსაზრისით“.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს როგორც ძალის გამოყენებით, ისე დიპლომატიური გზითაც. კითხვაზე, 2023 წლის ზაფხულში ზღვაზე დასაქსვენებლად სად წავიდეთ, ბუდანოვმა უპასუხა: ”ყირიმს ვურჩევ. ეს არის უკრაინის მარგალიტი, რომელიც დიდი ხანია, ელოდება უკრაინელ ტურისტებს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ყირიმის დეოკუპაციის პერსპექტივების შეფასებისას განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლზე კონტროლის მოპოვება.
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი თვლის, რომ უკრაინა ყირიმს 2023 წლის ზაფხულის ბოლომდე გაათავისუფლებს.