ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიღებაზე უარი განუცხადეს

31-01-2023 15:15:06 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთში გადაწყვიტეს არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" პროგრამა "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას უკავშირდება, რომლის ჩატარებაც 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა

„ბოლო დროს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს. ჩვენი ამოსავალია ის, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟრებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს. 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე“,- ნათქვამია არძინბას განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გაუქმების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევის დისკუსიებში მონაწილე დასავლელი წარმომადგენლები გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები „ცდილობენ დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ“.

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები