
ესპანეთში 23 პირი დააკავეს, მათ შორის ფეხბურთელებიც არიან
31/01/2023 12:23:41 ევროპა
ესპანეთში 23 პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შეთქმულებაში და შეთანხმებული შედეგით მატჩების ორგანიზებაში,– იუწყება ევროპოლი.
საუბარია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, გიბრალტარის ეროვნული ლიგის, ანდორას ლიგის ფარგლებში დაგეგმილ მატჩებზე. დაკავებულებს შორის არის რამდენიმე ფეხბურთელი. მათ ედავებიან მათი როლის გამოყენებას მატჩის შეთანხმებული შედეგის უზრუნველსაყოფად. სამართალდამცავების ყურადღების ცენტრშია 30-მდე თამაში, რომელთა შედეგების წინასწარ ცოდნას ტოტალიზატორების ნახევარ მილიონ ევროზე მეტის მოგების მოტანა შეეძლო.
დაპატიმრებები დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოძიება ესპანეთის პოლიციამ ევროპოლთან და ინტერპოლთან ერთად აწარმოა. ითვლება, რომ შეთქმულების სქემას ხელმძღვანელობდა ორი ადამიანი, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ რამდენიმე ფეხბურთელთან და სფეროს სხვა წარმომადგენლებთან.