
ოკუპანტებმა ვერ შეძლეს იმ მარშრუტის გადაჭრა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის არმიას ბახმუტში - ჩერევატი
31/01/2023 13:27:37 ევროპა
რუსულმა ჯარებმა ვერ შეძლეს იმ მარშრუტის გადაჭრა, რომელიც ბახმუტში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უზრუნველყოფს საჭირო საშუალებების მიწოდებას, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ.
„ბახმუტი კვლავ რჩება მოწინააღმდეგის შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად - იქ მათ 197-ჯერ დაარტყეს არტილერიით ჩვენს პოზიციებს, მოხდა 42 საბრძოლო შეტაკება. მტერმა ამ დღეების განმავლობაში დიდი დანაკარგი განიცადა: დაიღუპა 277 სამხედრო, დაშავდა 258 სხვადასხვა ხარისხით. ბრძოლები სადავო, კრასნაია გორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, კლეშჩიევკას რაიონში მიმდინარეობდა“, - განაცხადა მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში.
მისი თქმით, რუსმა ჯარებმა ვერ შეძლეს იმ მარშრუტის გაჭრა, რომლითაც ბახმუტში უკრაინელ დამცველებს უზრუნველყოფენ:
„ჯერჯერობით მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ ვერ დაბლოკონ ჩვენი ქვედანაყოფების მოძრაობა. ბახმუტს მიეწოდება ყველა საჭირო საბრძოლო მასალა, ტექნიკა, საკვები, საბრძოლო მასალა“, - განაცხადა ჩერევატიმ კითხვას, მოახერხეს თუ არა რუსეთის ჯარებმა მაგისტრალის გაჭრა.
ცოტა ხნის წინ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მისი ძალები ნაწილობრივ აკონტროლებენ ჩასოვ იარ-ბახმუტის გზატკეცილს, რომლითაც ხდება უკრაინული ჯარების უზრუნველყოფა.
ბახმუტი ერთ–ერთი ყველაზე ცხელი წერტილია უკრაინაში. ბრძოლები ქალაქისთვის გრძელდება 2022 წლის ივლისიდან. სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბახმუტის აღება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სიმბოლური, მაგრამ არა სტრატეგიული თვალსაზრისით.