ტანკი, დრონები: "საჩუქრები პუტინისთვის" ჩეხეთიდან

31-01-2023 19:42:42 ევროპა ,ეს საინტერესოა

ჩეხეთში დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა შესწირა სახსრები სამოქალაქო ჯგუფის მიერ ინიცირებულ პროექტს „საჩუქარი პუტინისთვის“. მის ფარგლებში უკრაინის არმიას გადაეცა მაგალითად, მოდერნიზებული T-72 AVENGER ტანკი, რომელსაც მეტსახელად „ტომაში“ შეარქვეს. ეს ტანკი ბრძოლის ველზე იმყოფებოდა მანამდეც, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტდნენ უკრაინისთვის თავიანთი მოდერნიზებული ტანკების მიწოდებას.

"ტომაში" უკრაინისადმი ჩეხეთის დახმარების სიმბოლოდ იქცა. მის შესაძენად თანხების შეგროვების კამპანიაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ გზით შეგროვდა 33 მილიონი კრონი (1,5 მილიონი აშშ დოლარი). ამის შემდეგ ჩეხეთის მოქალაქეებმა დაიწყეს თანხების გადარიცხვა არასაბრძოლო დრონების შესაძენად, ფრონტზე მომუშავე ექიმების ტრეინინგებისთვის, უკრაინელი ჯარისკაცების უნიფორმებისთვის, ასევე უკრანელი დევნილების დასახმარებლად, რომლებიც ჩეხეთში შეეჩეხნენ ადაპტაციის პრობლემებს. დონორთა სახსრები ზოგჯერ იხარჯება იმგვარ საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები, საწვავი ან მედიკამენტები დეოკუპირებულ ან ფრონტის ხაზთან მაცხოვრებლებისთვის.

უკრაინის დასახმარებლად თანხების გადარიცხვის მსურველებს შეუძლიათ არა მხოლოდ დააფინანსონ კონკრეტული პროექტები, არამედ აუქციონზე შეიძინონ უკრაინიდან ჩეხი მოხალისეების მიერ ჩამოტანილი ნივთები. ეს ძირითადად ის მოხალისეები არიან, რომლებიც აგროვებენ მტკიცებულებებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ომი თითქმის ერთი წელია გრძელდება, უკრაინისთვის დაფინანსების მოძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის იან პოლაკის თქმით, ჩეხეთის მოქალაქეებისგან თანხების ნაკადი არ წყდება:

"ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს საკმაოდ ბევრი დონორი, რომლებიც აგრძელებენ თანხების გადარიცხვას უკრაინის დასახმარებლად. და უნდა ითქვას, რომ სოლიდარობის ტალღა იზრდება ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი ახორციელებს მორიგი სარაკეტო თავდასხმას, ან როცა ცნობილი ხდება რუსული დარტყმების შედეგად ბავშვების დაღუპვის შესახებ. ხალხი ცდილობს, რაიმე გააკეთოს. ომის დაწყებისთანავე მოვახერხეთ დაახლოებით მილიარდი გვირგვინის შეგროვება (თითქმის 50 მილიონი აშშ დოლარი). მოგვიანებით, საქველმოქმედო შემოწირულობების ნაკადი შემცირდა, მაგრამ ჩეხეთში თანაუგრძნობენ უკრაინელ ხალხს და აგრძელებენ მსხვილი თანხების გადარიცხვას მის დასახმარებლად... ზოგიერთი ადამიანი დიდ თანხებს გვირიცხავს, ​​მაგრამ ყველაზე ხშირად საუბარია მცირე შენატანებზე, 10-დან 100-200 დოლარამდე".

ის ფიქრობს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება წართულთან არის დაკავშირებული:

"ჩეხეთში ბევრს ჯერ კიდევ ახსოვს დრო, როდესაც საბჭოთა ჯარები იყვნენ განლაგებულნი. ბევრი ამას ჯერ კიდევ მიიჩნევს უსამართლოდ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოჰყვა ჩვენს ინიციატივას ასეთი მნიშვნელოვანი გამოხმაურება. ხალხს უხარია, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას".

მისი თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა უკრაინაში ბევრი ფიქრობდა, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ ამ სიტუაციაში. მეწარმე დალიბორ დედეკმა (ჩეხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელი) გადაწყვიტა, დაეხმარებოდა ხალხის ევაკუაციას ქალაქებიდან, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსეთის დაბომბვას:

"სურდა, ხალხს დახმარებოდა უსაფრთხოდ დაეტოვებინათ საომარი ზონა. შემდეგ იყო ინიციატივა სახელწოდებით "ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ". ერთ-ერთი მიზანი, რომელიც მან საკუთარ თავს დაუსახა, იყო უკრაინის ქალაქების თავზე აკრძალული ზონის გაჩენის მიღწევა. ასე დაიწყო ყველაფერი. სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ განხორციელდა, რაც მაშინ იყო დაგეგმილი: ფრენის აკრძალული ზონა ვერ შეიქმნა, ასევე შეუძლებელი იყო ხალხის გამოყვანა ადგილზე შექმნილ სიტუაციაში. მერე დავიწყეთ ფიქრი, კიდევ რა შეიძლებლოდა გაგვეკეთებინა, როგორ დავხმარებოდით და გადავწყვიტეთ, მოგროვილი თანხა დაგვეხარჯა უკრაინის არმიისთვის იარაღსა და საბრძოლო მასალის მოპოვებაში. ასე დაიბადა პროექტი „საჩუქარი პუტინისთვის“ და საიტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შემოწირულობების გაღება უკრაინის არმიისთვის".

მისი თქმით, მათ უკრაინას უკვე გადასცეს 17 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და იარაღი:

"შემოწირულობები ირიცხება უკრაინის საელჩოს ანგარიშზე, რომელიც წყვეტს, რაში დახარჯავს. პარალელურად ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის "ტომაშის" ტანკის შესაძენად სახსრების შეგროვება. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეხებოდა საჰაერო თავდაცვას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ დაეცვათ სამოქალაქო ობიექტები რუსული თავდასხმებისგან. ჩვენ ასევე შევაგროვეთ თანხები სამხედრო ექიმების მომზადების კურსებისთვის, ჯავშანტექნიკისთვის... ჩვენი კიდევ ერთი დიდი პროექტია არასაბრძოლო სადაზვერვო თვითმფრინავების ყიდვა, რომლებიც დაეხმარებათ დაჭრილების და ხანძრის კერების აღმოჩენაში".

მისი თქმით, "იარაღის მიწოდებაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკრაინული მხარე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იღებს:

"ჩვენ არ ვერევით ამ პროცესებში, მხოლოდ ვცდილობთ, დავეხმაროთ, რომ იარაღისთვის ფული არსებობდეს. კონკრეტულად სად იგზავნება ეს იარაღი, ის წყვეტს, ვინც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენზე უკეთ შეძლებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩეხ მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში და პირდაპირ ვუგზავნით მათ თანხებს".

რა ტიპის იარაღია საჭირო, მისი თქმით, ამ საკითხს ისინი ადგილზე მყოფებთან განიხილავენ: "ესენი არიან უკრაინის საელჩოს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც გვეხმარებიან, გავიგოთ, რა აღჭურვილობა იქნება სასარგებლო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ბუნების გათვალისწინებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ, არის თუ არა რეალური ამა თუ იმ ტიპის იარაღის ან საბრძოლო მასალის შეძენა და რა სირთულეებს შეგვექმნება, თუ გადავწყვეტთ, ნაყიდი პირდაპირ გავაგზავნოთ იმ ადგილას, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები