
მარგველაშვილი – პეტრე ცაავაზე: „ზურგისა და ზურგის ინტერესების გარეშე არ ხდება ასეთი განცხადებების გაკეთება“
31/10/2019 17:15:00 ციტატა
„მე დავინახე თვალები, რომელიც ბოლო 40 წელია მე მახსოვს ნათელი ადამიანისა, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. მეუფეების განცხადებებზე, შენიშნვებზე, კომენტარებზე, ბუნებრივია, არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას და ამის ანალიზს. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ კეთდება გულწრფელი გაბრაზებით ან გულწრფელი აღშფოთებით. ასეთი განცხადებების გაკეთება ზურგისა და ზურგის ინტერესების გარეშე არ ხდება“.
ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს ყოფილი მეუფის პეტრე ცაავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.
შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.