
ზელენსკი: "ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი"
01/02/2023 14:39:55 სამართალი
"ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს.
“ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ და საჯაროდ წარადგინა ფოტოები.
“ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა - რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, არ შედის განხილვაში, რისთვის დააკავეს სააკაშვილი, რადგან ეს საქართველოს შიდა საკითხია.
“სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან”, - თქვა ზელენსკიმ.