პუტინი ამჯერად გერმანული ტანკების გამო იმუქრება

02-02-2023 20:10:14 მსოფლიო

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, პასუხი გასცეს უკრაინისთვის დასავლური ტანკების, მათ შორის, გერმანული „ლეოპარდების“ მიწოდებას.

მისი თქმით, „საქმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით არ დამთავრდება“.

ამის შესახებ მან სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი კიდევ ერთხელაა იძულებული, „მოგერიოს კოლექტიური დასავლეთის აგრესია“. მან ასევე ისაუბრა ნაციზმის გარკვეულ იდეოლოგიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. მისი თქმით, რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება.

"დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია [გამოსახული]. და ისევ აპირებენ რუსეთთან ბრძოლას უკრაინის მიწაზე ბანდიტების ხელით." - ირწმუნება პუტინი.

მანამდე პუტინმა და სხა რუსმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში შეჭრისას მიზნად დაისახეს ქვეყნის „დენაზიფიკაცია“: კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ამ ტერმინში, არ იყო განმარტებული. მოგვიანებით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების მიხედვით, არაერთხელ შეიცვალა გაჟღერებული მიზნები.

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, უარყოფენ პარალელებს მეორე მსოფლიო ომთან, რომლის გავლებსაც კრემლის პროპაგანდა ცდილობს და აღნიშნავენ, რომ სწორედ რუსეთია დღეს აგრესორის როლში, რომელიც ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს.

იანვარში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას „აბრამსის“31 ტანკს მიაწვდის, ხოლო გერმანიან, რეექსპორტზე მოხსნა შეზღუდვა და თავადაც მიაწვდის 14 „ლეოპარდს“ კიევს. ამრიგად, კიევს შეუძლია მიიღოს მინიმუმ 112 ერთეული გერმანული ტანკი. მოსალოდნელია, რომ ისინი უკრაინაში ორ-სამ თვეში გამოჩნდებიან. კიევმა და ბერლინმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტექნიკა არ გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე მის ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებში და მოემსახურება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები