NZZ: უკრაინამ და რუსეთმა უარყვეს შეთავაზება, რამაც განბლოკა "სატანკო კოალიცია"

03-02-2023 00:00:56 ევროპა

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, იმიტომ მიიღეს, რომ კიევმა და მოსკოვმა უარყვეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნების სანაცვლოდ,– წერს "Европейская правда" შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung–ზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ, გერმანიის მთავრობაში ორ დამოუკიდებელ წყაროს ეყრდნობა.

მათი თქმით, იანვრის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს დაავალა, შეამოწმოს უკრაინისა და რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის.

წყარო ირწმუნება, რომ ბერნსმა კიევთან გააჟღერა წინადადება "მშვიდობა მიწის სანაცვლოდ", ხოლო მოსკოვთან - "მიწა მშვიდობის სანაცვლოდ". „ტერიტორიის ზომა იყო უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%, რაც დაახლოებით ემთხვევა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს“.

NZZ-ის თანამოსაუბრეებმა ამბობენ, რომ უკრაინამ და რუსეთმაც უარი თქვეს "სამშვიდობო გეგმაზე". კიევში უკრაინის ტერიტორიის გაყოფაზე უარი თქვეს, მოსკოვში კი თვლიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მოიგებენ ომს.

მათი მტკიცებით, „სწორედ ბერნსის წარუმატებელი მისიის შემდეგ გადაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა, დასთანხმებოდა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის დაჟინებულ მოთხოვნას და დაემტკიცებინა „აბრამსის“ საბრძოლო ტანკების მიწოდება. სწორედ ამან განბლოკა ბერლინის გადაწყვეტილება „ლეოპარდ 2“-ის მიწოდების დაშვების შესახებ - საკუთარი და სხვა ქვეყნების მარაგებიდან.

NZZ-ის ცნობით, ბაიდენის გადაწყვეტილება შოლცისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ, მისი გადაწყვეტილება „ლეოპარდ 2“-ის ტანკებზე სავარაუდოდ, სპონტანური იყო და არა გააზრებული, როგორც გერმანულმა მხარემ საჯაროდ განაცხადა.

იანვარში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას „აბრამსის“31 ტანკს მიაწვდის, ხოლო გერმანიან, რეექსპორტზე მოხსნა შეზღუდვა და თავადაც მიაწვდის 14 „ლეოპარდს“ კიევს. ამრიგად, კიევს შეუძლია მიიღოს მინიმუმ 112 ერთეული გერმანული ტანკი. მოსალოდნელია, რომ ისინი უკრაინაში ორ-სამ თვეში გამოჩნდებიან. კიევმა და ბერლინმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტექნიკა არ გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე მის ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებში და მოემსახურება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებას.