რა წერია ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს შესახებ

03-02-2023 09:50:48 პოლიტიკა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპირლში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებთან მიმართებით ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია და ამის შედეგად, განხორციელება ზოგჯერ, არადამაკმაყოფილებელია.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, თუმცა, უნდა განაგრძოს საკუთარი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან კონტრაქტორების ჩართვით კომუნალური მომსახურების სფეროში და შეუსაბამოს კანონმდებლობა კონცესიების დირექტივას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებში შესყიდვებთან მიმართებით.

ევროკომისიის შეშფოთებას იწვევს, რომ სტატისტიკის სფეროში საქართველოს მომზადების გარკვეული დონის მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსი არასაკმარისია, სტატიტიკის ეროვნულ სამსახურს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა ჰყავს, შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება სხვა საჯარო სამსახურებში არსებულ ხელფასებს და შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე საფინანსო კონტროლის სფეროში თუმცა, მმართველობითი ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი ეფექტიანად არ ხორციელდება არასაკმარისი პოტენციალის, საჯარო სამსახურში მათი სარგებლის დაბალი გაგების და სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებულ ორგანოებს შორის ანგარიშვალდებულების არაეფექტიანი მექანიზმების გამო. ანგარიშის თანახმად, უნდა გადაიხედოს საჯარო სექტორში ფინანსური ინსპექციის როლი და გავლენა.

ევროკომისიის ანგარიში მოიცავს არაერთ სფეროს, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკას, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა და უნდა განაგრძოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებასა და კარტელებთან მიმართებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები