ISW - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალ შეტევას ოპერატიულად მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება

03-02-2023 13:07:43 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინაზე ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა, რომლისთვისაც რუსეთი ემზადება, კულმინაციას ნაადრევად მიაღწევს, რაც ოპერატიულად მნიშვნელოვან ეფექტს გამორიცხავს.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სხვადასხვა ინფორმაციაზე, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი გეგმავს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე ახალ შეტევას. ამ ცნობებს შორისაა უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები სრულად უნდა დაიპყრონ 2023 წლის მარტისთიუს. ასევე, რუსეთის გადაწყვეტილება ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში შეზღუდოს მობილური ინტერნეტის გამოყენება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ეს როგორც ჩანს, უკავშირდება რუსეთის განზრახვას, შეზღუდოს მონაცემების მოპოვება დამატებითი ძალების განთავსების შესახებ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სავარაუდოდ, ისევ გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს რუსული ძალების შესაძლებლობებზე, რადგან არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ რუსეთის არმიამ აღიდგინა საკმარისი საბრძოლო პოტენციალი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დასაპყრობად. მხოლოდ დონეცკის რეგიონში ამჟამადაც კიევის კონტროლქვეშაა საერთო ტერიტორიის 42%-ზე მეტი.

ISW ვარაუდობს, რომ რუსეთის შეტევა კულმინაციას ნაადრევად, აპრილისთვის მიაღწევს ოპერატიულად მნიშვნელოვანი ეფექტის გარეშე, რამაც შესაძლოა, ხელსაყრელი პირობები შექმნას უკრაინის არმიის კონტრშეტევისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები