რუსეთი უკრაინასთან დრონებით ბრძოლას აგებს

03-02-2023 14:27:42

ამასწინათ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი ირწმუნებოდა, რომ ჯარის მომარაგების კუთხით პრობლემების უმრავლესობა გადაჭრილი იყო. თუმცა Z-ფაბლიქებში უამრავი განცხადებაა განთავსებული რუსული ჯარისთვის სხვადასხვა აღჭურვილობის შესაძენად საქველმოქმედო შენატანების შეგროვების თაობაზე.

პირველად საჭიროებებს შორის დასახელებულია საბჭოთა საველე ტელეფონები, ტელევიზორები, ჯიპები, ოპტიკა, უპირველესად კი - ჩინური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები (Mavic და სხვა), - იუწყება "The Moscow Times".

მსგავს განცხადებებს ვაწყდებით, მათ შორის, კერძო უკანონო გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" ტელეგრამ-არხ "Grey Zone"-ში, ასევე ომის პროპაგანდისტულ Z-არხ "Два майора"-ში და სხვა. მათი ავტორები რუსული ჯარისთვის განსაკუთრებით დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო იარაღის ცენტრალიზებული მიწოდებების ჩამოყალიბების აუცილებლობას აღნიშნავენ.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ომის წარმოების მეთოდები მოუძველდა, ჯარს პრაქტიკულად არ გააჩნია ტაქტიკური დაზვერვის საშუალებები, უპირველესად - ჩინური დრონები. ჯარს ისინი ათასობით სჭირდება" - წერს ერთ-ერთი Z-ფაბლიქის ავტორი, პოლიტოლოგი იგორ დიმიტრიევი.

ერთადერთი, ვინც რუსულ ჯარში შეტევებისას დრონებს იყენებს, "ვაგნერის" დაჯგუფებაა, - აღნიშნავდა ამასწინათ უკრანული დაზვერვაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, უკრაინულმა სარდლობამ მიმდინარე კვირას გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელს დრონების შესაძენად $544 მლნ აქვს გამოყოფილი. ამ მიზნით უკრაინის მთავრობამ ადგილობრივ კომპანიებთან უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე 16 სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა და უკრაინელი მწარმოებლებისგან პროდუქციის სერტიფიკაციაზე 75 განაცხადი მიიღო. 13 მოდელი უკვე სერტიფიცირებულია ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად.

გარდა ამისა, უკრაინას დრონებით ნატო-ს ქვეყნებიც ეხმარებიან: ჩამოყალიბებულია ფანდრაიზინგის სისტემა საჰაერო და საზღვაო დრონების საწარმოებლად, - აღნიშნავს გამოცემა "The Moscow Times".

მას უკრაინული დაზვერვის წარმომადგენლის - იგორ იუსოვის შეფასებაც მოჰყავს, რომლის თანახმად, უკრაინული დრონები როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე ხარისხობრივად და რაოდენობრივადაც აღემატებიან რუსების ტექნიკურ საშუალებებს.

ირიბად ამას "Grey Zone"-ც აღიარებს, რომელიც, კერძოდ, წერს:

"უკრაინულმა არმიამ ჭურვებით აღჭურვილი ზესწრაფი (დაახლოებით 140 კმ/სთ) FPV-დრონების გამოყენება დაიწყო, რომელთაც ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა ძალუძთ. რუსეთს კი ამ დროს ძლივს ჰყოფნის ოპერატორები ჩვეულებრივი კვადროკოპტერების სამართავადაც კი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები