
„არავის მივცემთ უფლებას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიაში დესტრუქციული ქმედებებით ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე რისკის ქვეშ დააყენონ“
01/11/2019 10:13:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოს ირგვლივ განვიტარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მთავრობა არავის მისცემს უფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიაში დესტრუქციული ქმედებებით" ქვეყნის მომავალი რისკის ქვეშ დააყენონ.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა:
„არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება. ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. რა თქმა უნდა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო პატრიარქი არის ეკლესიის სიმბოლო და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“.
ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".
შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.