
სომხეთი თურქეთს დახმარებას სთავაზობს
06/02/2023 14:51:15 კავკასია
სომხეთი უერთდება სამძიმრებს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და მეზობელ სახელმწიფოს, რომელთნაც ჯერ კიდევ დაძაბული ურთიერთობები აქვს, დახმარებას სთავაზობს.
„დამწუხრებული ვარ თურქთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სომხეთი მზადაა დახმარებისთვის“,– დაწერა „ტვიტერზე“ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მას მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, თუმცა შუადღისას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. ვარაუდობენ რომ მონაცემები მნიშნელოვნად გაიზრდება, რადგან ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ რჩევიან ადამიანები, კლიმატური პირობები ართულებს უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან, დღეს თურქეთში ყინვას პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების მდგომარეობას.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დახმარებოსთვის მზაობა 45–მა ქვეყანამ, ევროკავშირმა და ნატომ გამოხატა, მათ შორისაა საქართველო. ქართველ მაშველთა ჯგუფი ტექნიკასთან ერთად გაემგზავრა თურქეთისკენ.