
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: „ანკარა ამერიკული სანქციებისთვის მზადაა“
22/05/2019 09:10:47 სხვა, მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, ანკარა ამერიკული სანქციებისთვის მზად არის.
„რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ს შეძენის შემთხვევაში ვაშინგტონი სანქციებით გვემუქრება. ანკარა ამერიკული სანქციებისთვის მზად არის“, – განაცხადა აკარმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ F-35 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლები, ასევე იქნება თურქული არმიის შეიარაღებაში.
ცნობისთვის: CNBC–ს ინფორმაციით, აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის. რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.