
ადვოკატი: "ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც ბანკში შევიდა, ბადრი ესებუა არ არის"
08/02/2023 15:04:54 სამართალი
ქუთაისის #2 დაკავების იზოლატორში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეში ბრალდებული ბადრი ესებუა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ მოინახულა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„რაც შეეხება მის კონკრეტულ პოზიციას წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება იმ თემას, სად იყო ამ წლების განმავლობაში, ზოგადი პასუხი იყო ის, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს, ძალიან მაღალი იყო გრადუსი ამ თემასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ის ყველანაირად არიდებდა თავს წინასწარ, გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებთან გამოცხადებას", - თქვა ადვოკატმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბადრი ესებუა "საერთოდ უარყოფს „საქართველოს ბანკში“ შესვლას და ამ დანაშაულში მონაწილეობას. რადგან გაჟღერდა მისი სახელი, აქედან გამომდინარე ის იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო. რატომ გაჟღერდა მისი სახელი, ამის ახსნა ნამდვილად არ აქვს. ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც ბანკში შევიდა, ბადრი ესებუა არ არის".
კითხვაზე, თუ სად იმალებოდა ბადრი ესებუა ამ ხნის განმავლობაში, ადვოკატმა უპასუხა: „ამის შესახებ უფრო დეტალებში არ გვისაუბრია. ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აქ იყო".
ბადრი ესებუას პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ადვოკატის თქმით, გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ.
შსს–ს ბანკიდან გატაცებული თანხის ამოღების შესახებ არ განუცხადებია.