
უკრაინის ომბუდსმენმა ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტის ბარათი დაჭრა მას შემდეგ, რაც უკრაინელი ბავშვები ავსტრიიდან რუსეთში გადაიყვანეს
08/02/2023 18:30:16 ევროპა
უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ტოვებს ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტს (EIO) და კამერის წინ ჭრის ორგანიზაციის წევრობის ბარათს,– ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე დაწერა.
როგორც ლუბინეცმა განმარტა, მან ეს ნაბიჯი გადადგა იმის გამო, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე მყოფი ორი უკრაინელი ბავშვი EIO-ს უფლებადამცველმა რუსეთში გადაიყვანეს.
მსის ცნობით, ეს გააკეთა EIO-ს გენერალურმა მდივანმა და საბჭოს წევრმა დოქტორმა იოზეფ სიგელემ, რომლის წინააღმდეგაც ავსტრიის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
უკრაინის ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიგელეს ქმედებები ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის დარღვევაა.
მისივე თქმით, ბავშვების იძულებით გადაყვანას ამ შემთხვევაში შესაძლოა, გენოციდის ნიშნები ჰქონდეს.
უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ორგანიზაციას არ ჩაუტარებია შიდა გამოძიება და არ უპასუხია ლუბინეცის კითხვებისთვის.
"მჯერა, რომ ასეთი ქმედებები საზიანოა უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის, იმ დროს, როდესაც გრძელდება სისხლიანი სრულმასშტაბიანი ომი. თითოეული დეპორტირებული ბავშვის დაბრუნება უკიდურესად რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს ტიტანურ ძალისხმევას და დროს!"– დასძინა მან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი ტატიანა მოსკალკოვა 6 თებერვალს მოსკოვში ორ უკრაინელ მოზარდს შეხვდა. მან განაცხადა, რომ ქალები ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან დაუკავშირდნენ მას, რომ „მათი შვილები ნებართვის გარეშე წაიყვანეს“.
რუსეთის ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, „17 წლის ანასტასია და 16 წლის ანატოლი სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ ლუგანსკის რეგიონალურ ლიცეუმ-ინტერნატში, სოფელ კრემენნოიში, 2022 წლის მარტის დასაწყისში ისინი უკრაინულმა მხარემ ლვოვის რეგიონში გადაასახლა, შემდეგ კი ავსტრიაში გადაიყვანა“.
უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენის დარია გერასიმჩუკის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკანონოდ იქნა დეპორტირებული დაახლოებით 14 000 ბავშვი. ამასთან, უკრაინაში ამ დროისთვის მხოლოდ 128 ბავშვია დაბრუნებული.
ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ ჟენევის კონვენცია კრძალავს ბავშვების გადაყვანას საომარი მოქმედებების ტერიტორიიდან აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მათ ჰუმანიტარული დერეფნები უნდა ჰქონდეთ სამშობლოს უსაფრთხო ზონაში ან ნეიტრალურ ქვეყანაში.
უფლებადამცველების თქმით, უკრაინიდან იძულებით დეპორტირებულ ბავშვებს რუსეთში გასაშვილებლად ამზადებდნენ. ამასთან, არის ცნობები, რომ ბავშვებს სახელებსა და გვარებს უცვლიან, რაც ართულებს მათ მოძიებას.
გასული წლის მაისის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინიდან ობლების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
2022 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა ანექსირებული რეგიონების მაცხოვრებლების მიერ უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებების შეტანის პროცედურა, რომელიც კონკრეტულად აწესებს 14 წლამდე ასაკის ბავშვის რუსეთის მოქალაქედ აღიარების წესებს.