
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა
08/02/2023 21:12:44 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთიდან საფრანგეთში გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი პარიზის ორლის აეროპორტში დაეშვა. მას საპატიო დაცვა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დახვდა.
ზელენსკი გაემგზავრა ელისეის სასახლეში, სადაც ვახშამზე უმასპინძლებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ვახშამს დაესწრება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელიც მანამდე ჩავიდა პარიზში.
უკვე 9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოვა სიტყვით, - იუწყება "Deutsche Welle".
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადოს ევროპელებს ამ დრომდე უკრაინისთვის გაწეული დახმარების გამო და აცნობოს, რა სახის დახმარებას საჭიროებს მისი ქვეყანა რუსი ოკუპანტების დასამარცხებლად.
მანამდე კი ზელენსკი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბრიტანეთის მეფეს და ისაუბრა ბრიტანეთის პარლამენტში. მან თქვა, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება. მალე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს დაავალა, შეაფასოს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობა.