
ზელენსკი ბრიუსელში მაკრონთან ერთად ჩავიდა
09/02/2023 09:46:00 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თანხლებით ჩავიდა. ფოტო Twitter-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი. ევროპული ოჯახის გულში, რომელსაც უკრაინა ეკუთვნის. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ ნაბიჯში ჩვენი კავშირისკენ", - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
ზელენსკი და მაკრონი ერთად ჩავიდნენ ბრიუსელში პარიზიდან, სადაც წინა დღით ერთობლივი ვახშამი გამართეს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
ზელენსკი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით მიმართავს ევროპარლამენტს. ინფორმაცია ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ დაადასტურა.
"ისტორიული დღე ევროპისთვის. მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტს ეწვევა, რათა ევროპის დემოკრატიის სახლიდან ევროპელ ხალხს მიმართოს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.