
მორავიეცკიმ რუსეთის ცივილიზებული სახელმწიფოების წრეში დაბრუნების ორი პირობა დაასახელა
09/02/2023 09:56:11 ევროპა
რუსეთი ცივილიზებულ სახელმწიფოთა ჯგუფში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ შეწყვეტს აგრესიულ ომს და შეუდგენა დეპუტინიზაციას,– ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტერორისტებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
„რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა. ქალაქების ყოველდღიური დაბომბვა, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები, ქალებისა და ბავშვების მკვლელობა - რუსეთის ომის დანაშაულების მასშტაბები უბრალოდ საშინელია და სანამ ეს არ შეჩერდება, სალაპარაკო არაფერია“, - განაცხადა მან და დასძინა, ”და კიდევ ერთი პირობა რუსეთის ცივილიზებულ სახელმწიფოთა ჯგუფში დაბრუნებისთვის არის დეპუტინიზაცია. მაგრამ თავად რუსებმა უნდა დაანგრიონ ეს კვაზი-ტოტალიტარული სისტემა, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ პუტინის მიერ. მაშინ გაჩნდება იმედი რუსეთსა და ევროკავშირს შორის სხვა ურთიერთობებისთვის“.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ომამდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია.
„გერმანიაში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოსკოვის იმპერიული მისწრაფებების დაოკება კომერციული გზით იყო შესაძლებელი და ამავდროულად, არ ღირდა „დათვის გაღიზიანება“. ორივე ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. რუსეთისთვის ენერგორესურსები იგივე ფუნქციის მატარებელია, რისიც ტანკები: ისინი დაპყრობისა და დამოკიდებულების იარაღები არიან“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, „მინდა, მჯეროდეს, რომ გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინაში ტანკების გაგზავნა არის რუსეთის აღქმის თაობაზე ცვლილების დასტური და რომ გერმანია გააგრძელებს პოლონეთთან თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ შიშის რუსულ პროპაგანდას“.