
უკრაინულმა დაზვერვამ მოლდოვასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები შეიტყო – ზელენსკი
09/02/2023 13:27:51 ევროპა
უკრაინულმა დაზვერვამ მოლდოვასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები იგდო ხელთ და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ გადასცა ყველა ინფორმაცია თავის კოლეგას, პრეზიდენტ მაია სანდუს,– ამის შესახებ ზელენსკიმ ხუთშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ ველაპარაკე პრეზიდენტ სანდუს და ვაცნობე მას იმის შესახებ, რისი მოპოვებაც მოახერხა ჩვენმა დაზვერვამ: დეტალური რუსული გეგმა მოლდოვაში პოლიტიკური სიტუაციის განადგურების შესახებ. რუსული დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს, ვინ, როდის და რა ქმედებებით აპირებს მოლდოვის გატეხვას, დემოკრატიული წესრიგის არევას და მასზე კონტროლის დამყარებას“,– განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მყისიერად ეცნობა ამის შესახებ მოლდოვას, რათა მან თავის დაცვა შეძლოს:
"ჩვენ არ ვიცით, მოსკოვმა გასცა თუ არა ბრძანება მოლდოვის წინააღმდეგ ამ გეგმის მიხედვით მოქმედების თაობაზე. მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რას აპირებდნენ. ამით ის გავიგეთ, რის გაკეთებასაც უკვე ცდილობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ევროპაში. აქ არაფერია ახალი“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ რუსეთის რეჟიმს მხოლოდ ერთი ამბიცია აქვს - გაანადგუროს ევროპის თავისუფლება.
პრეზიდენტი ზელენსკი 9 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თანხლებით ბრიუსელში ჩავიდა, რათა ევროპარლამენტში გამოსულიყო და ევროკავშირის სამიტზე დასწრებოდა. მანამდე ის პარიზსა და ლონდონში იმყოფებოდა.