
პოლონეთმა უკრაინისთვის თავისი გამანადგურებლების გადაცემის პირობა დაასახელა
09/02/2023 14:40:24 ევროპა
პოლონეთი თანახმაა, უკრაინაში გამანადგურებლები გაგზავნოს, მაგრამ არ იქნება ნატოს პირველი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, – იუწყება Reuters.
„აქ ჩვენი პოზიცია ცალსახაა: შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ერთობლივად ალიანსის ფარგლებში. მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ჩვენ არ ვიქნებით პირველნი, ვინც გამანადგურებლებს გადასცემს“, - განაცხადა მორავიეცკიმ.
მისი აზრით, თავდაპირველად ეს იმ ქვეყნებმა უნდა გააკეთონ, რომლებსაც უფრო თანამედროვე თვითმფრინავები ჰყავთ. მორავიეცკიმ დასძინა, რომ პოლონეთს არ ჰქონდა გამანადგურებლების საკმარისი რაოდენობა, ამიტომაც შეუკვეთა ახალი F-35–ები.
ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეში იმყოფება. მან უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა ლონდონში. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, შეისწავლოს ეს შესაძლებლობა. მსგავსი შესაძლებლობა არც საფრანგეთის პრეზიდენტმა გამორიცხა.