ხაბეიშვილი: "კობახიძე იმსახურებს, მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში"
10/02/2023 09:42:07 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ბრიფინგით გამოეხმაურა.
ხაბეიშვილის განცხადებით, "რუსეთი მარცხდება, რადგან მას უპირისპირდება ცივილიზებული სამყარო".
ხაბეიშვილი ამბობს, რომ კობახიძე, რომელიც უშვებს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, პუტინის მხარდამჭერია და ის სანქცირებულთა სიაში ყოფნას იმსახურებს.
„მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და მისი ქვეყნის გაერთიანებისკენ და ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოს და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მტრებისთვის. საბოლოოდ, პუტინის მსახური, ლაქია კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


