
მოლდოვას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
10/02/2023 17:58:16 ევროპა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას გადადგომიდან რამდენიმე საათში ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დორინ რეჩანი დანიშნა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად. მანამდე ის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
„ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება ახალ სისხლს საჭიროებს“, - განაცხადა მაია სანდუმ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც დორინ რეჩანთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, მმართველი პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ფრაქციის ლიდერ იგორ გროსთან ერთად გამართა.
სანდუს თქმით, ახალი კაბინეტის მთავარი ამოცანა იქნება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური ზრდა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატალია გავრილიცას, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რაც კონსტიტუციის თანახმად, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას იწვევს.
გავრილიცას გადადგომას მოლდავური მედია მმართველი პარტიის შიგნით მიმდინარე ფრაქციულ ბრძოლას უკავშირებს.
48 წლის დორინ რეჩანს მოლდოვის მთავრობაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობის გამოცდილება ქვს. მოლდოვის ეკონომიკის აკადემიის კურსდამთავრებული 2010 წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2012 წლიდან 2014 წლამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გახდა პირველი სამოქალაქო პირი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ის იგივე თანამდებობაზე დარჩა პრემიერ-მინისტრ იურე ლეანკას მთავრობაშიც.
2015 წლიდან დორინ რეჩანი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა და როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, კონსალტინგით იყო დაკავებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში. 2022 წლის თებერვალში მაია სანდუმ დორინ რეჩანი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის მრჩევლად და ამავე დროს უმაღლესი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.