
გრიპის ვირუსი და რისკ-ჯგუფები - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
04/11/2019 10:32:49 სხვა, საზოგადოება
29 ოქტომბერს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, – იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ლაბორატორიულად ჯერ გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს და შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა.
„ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული...გეგმის მიხედვით პირველ რიგში აიცრებიან მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან ბავსვები, რომლებიც ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები.
„მინდა, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მივმართო, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა სწორედ ორსულ ქალბატონებშია. მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, – განმარტა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისივე ცნობით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა: ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება:
„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.