
რუსეთი იარაღის უმსხვილეს მყიდველს კარგავს: ინდოეთი გარიგებებს მასობრივად ყინავს
13/02/2023 11:46:15 თავდაცვა
რუსეთი აგრძელებს პოზიციების დათმობას ინდოეთის შეიარაღების ბაზარზე, რომელიც საბჭოთა დროიდან კრემლისგან იარაღის უმსხვილესი მყიდველი იყო, ბოლო წლებში კი - "როსობორონექსპორტის" შეკვეთების 20%-ს უზრუნველყოფდა, - იუწყება "The Moscow Times".
ინდოეთმა ფაქტობრივად,გაყინა მოლაპარაკებები Ка-226Т ვერტმფრენების შეძენის თაობაზე, მიუხედავად რუსული მხარის მზადყოფნისა, ტექნოლოგიები გადაეცა და უზრუნველეყო მათი ინდურ ქარხნებში წარმოების ლოკალიზება, - განუცხადა დღეს "ინტერფაქსს" სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმირ დროჟჟოვმა.
მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელშიც 1 მლრდ დოლარის ჯამური ღირებულების 200 ვერტმფრენზე იყო საუბარი, ჯერ კიდევ 2015 წელს მოეწერა ხელი, მაგრამ 8 წლის შემდეგაც კი საქმე კონტრაქტის გაფორმებამდე ვერ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი 140 მანქანის ინდოეთში წარმოების ორგანიზებას დათანხმდა.
"სამწუხაროდ, ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად გაყინულია. ინდური კორპორაცია HAL ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საკუთარი წარმოების მსუბუქ მრავალმიზნობრივ ვერტმფრენს სთავაზობს" - განაცხადა დროჟჟოვმა.
გაიყინა ასევე გარიგება ინდოეთისთვის Су-30МКИ გამანადგურებლების მიყიდვის თაობაზე. რუსეთმა ინდოეთს შესთავაზა $1,4-იანი კომპლექტები თვითმფრინავების მის ტერიტორიაზე საწარმოებლად და ელოდა, რომ კონტრაქტებს 2020 წელს მოეწერებოდა ხელი, თუმცა მას შემდეგ პროცესს ძვრა არ აქვს.
"როსობორონექსპორტის" ჩინოსნების ინდოეთში, გამოფენაზე "Aero India 2023" ვიზიტმა შედეგი ვერ გამოიღო.
მანამდე ინდოეთმა ასევე გაყინა ერთობლივი პროექტ, რომელიც Су-57-ის ბაზაზე მეხუთე თაობის გამანადგურებლის შემუშავებას ითვალისწინებდა. სამხედროებს თვითმფრინავის არც ფინანსური, არც ტექნოლოგიური პარამეტრები მოეწონათ და განაცხადეს, რომ იგი არ შეესაბამებოდა მეხუთე თაობას არც ფარულობის, არც ავიონიკის კუთხით.
2020 წელს ჩიხში შევიდა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც "კალაშნიკოვის" ავტომატის მე-200 სერიის მწარმოებელი ქარხნის შექმნას ეხებოდა. წელიწადში 70 000 ერთეულის საწარმოო სიმძლავრის ქარხნის პროექტში გათვალისწინებული იყო ყველა ტექნოლოგიის დელისთვის გადაცემა და წარმოების ინდოეთში ლოკალიზება. თუმცა პარტნიორებს რუსეთის მიერ დასახელებული ფასი არ მოსწონთ.
2022 წელს ინდიელი სამხედროები რუსული ტანკების Т-72 და Т-90 ტექნიკურმა მახასიათებლებმა არ დააკმაყოფილა და მათ ფრანგული Leclerc XLR ამჯობინეს. როგორც ინდური მხარე აცხადებს, რუსული ტანკები აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა მთიან მიდამოებში, ამდენად, შეუძლებელი იქნება მათი გამოყენება ჩინეთსა და პაკისთანთან საზღვრებზე.
რუსულ იარაღზე მოთხოვნა ეცემა, მათ შორის, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ უკრაინის ფრონტზე მისი დაბალი ეფექტურობა დაინახა: ომმა რუსი მიმწოდებლების რეპუტაციას დამანგრეველი დარტყმა მიაყენა, - თვლიან ექსპერტები.
2022 წლის აგვისტოში, ფორუმზე "Армия-2022" "როსობორონექსპორტმა" მხოლოდ 390 მლნ დოლარის კონტრაქტების გაფორმება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ რუსული იარაღის რეკლამირებისთვის ღონისძიებაზე პირადად პრეზიდენტი პუტინი იყო ჩასული და მოკავშირე ქვეყნებს "ულტრათანამედროვე ნიმუშებს" ჰპირდებოდა. შედარებისთვის, 2021 წლის ფორუმზე რუსეთს 2 მლრდ ევროს ღირებულების 20 კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.