Accentnews.ge
უკრაინაში "ვაგნერის" მიერ დაქირავებული 3 "კრიმინალური ავტორიტეტი" მოკლეს – Bellingcat

უკრაინაში "ვაგნერის" მიერ დაქირავებული 3 "კრიმინალური ავტორიტეტი" მოკლეს – Bellingcat

14/02/2023 05:59:14 ევროპა

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat-მა დაადგინა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ უკრაინასთან საომრად დაქირავებულ და უკრაინაში მოკლულ პატიმრებს შორის არიან ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების მეთაურებიც, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები.

Bellingcat სამი მათგანის შესახებ წერს. ესენი არიან: 55 წლის ანდრეი ბერეჟნიხი, 55 წლის იგორ კუსკი და 59 წლის სერგეი მაქსიმენკო.

ბერეჟნიხს, რომელმაც ქალაქ ბალაკოვოში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება 90-იან წლებში შექმნა, 2013 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკვლელობებისა და სხვა დანაშაულისთვის. საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობებით, ბერეჟნიხი, რომელიც „ვაგნერმა“ საპატიმროდან 2022 წლის ნოემბერში დაიქირავა, უკრაინაში დეკემბერში მოკლეს.

ქალაქ პენზაში 90-იან წლებში შექმნილი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური სერგეი მაქსიმენკო 25 წლიან სასჯელს იხდიდა მკვლელობების ორგანიზების, გამოძალვის და სხვა დანაშაულისთვის. მაქსიმენკოც „ვაგნერს“ 2022 წლის ნოემბერში შეუერთდა, დეკემბერში კი - მოკლეს.

უკრაინაში მოკლულია „ვაგნერის" მიერ 2022 წლის ივლისში დაქირავებული „კრიმინალური ავტორიტეტი“ იგორ კუსკიც, რომელმაც 90-იან წლებში, თათრეთში შექმნა კრიმინალური დაჯგუფება. 2015 წელს, სასამართლომ კუსკი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში და 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინასთან საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში პირადად მონაწილეობდა "ვაგნერის" დამფუძნებელი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.

კრემლი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" უკრაინამდე იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S