
მარკ მილი: „უკრაინა ბახმუტს არ დათმობს, საომარი მოქმედებები რუსების გასვლის შემდეგ შეწყდება“
14/02/2023 17:52:12 ევროპა
აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში – ბახმუტის რაიონში მიმდინარე ბრძოლას დანაკარგების მხრივ ყველაზე მასშტაბურს უწოდებს და პროგნოზირებს, რომ უკრაინული ძალები ქალაქიდან უკან არ დაიხევენ. ამის შესახებ მან 14 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ფრონტის ხაზის ყველაზე დინამიური გადაადგილება ორივე მხრიდან, ზოგადად, ბახმუტის რაიონში ხდება. უკრაინელები იცვლებიან, იბრძვიან თავდაცვაში, რუსები, პირველ რიგში, „ვაგნერის“ ჯგუფი უტევს. მე მას აღვწერ, როგორც გაჭიანურებულ ბრძოლას გამოფიტვისთვის დაღუპულთა ძალიან მაღალი მაჩვენებლით, განსაკუთრებით რუსეთის მხარეს“, - თქვა მილიმ.
მისი თქმით, ბახმუტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს "ცბიერი მანევრების" გარეშე, ეს არის "უბრალოდ შეტევების სერია, ბევრი საარტილერიო ცეცხლი ამ კონკრეტულ მხარეში მსხვერპლის უკიდურესად მაღალი მაჩვენებლით".
"ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ეს უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და ვფიქრობ, რომ გაგრძელდება მანამ, სანამ რუსები შეძლებენ გაგრძელებას (ბრძოლის). არ მგონია, რომ უკრაინელები უბრალოდ გატყდებიან და წააგებენ, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას“, - განაცხადა მილიმ და დასძინა, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი სახსრები ბრძოლის ველზე შემდგომი მოქმედებებისთვის.
ბახმუტი ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალების შეტევის მთავარი მიმართულება, რომლებიც იქ აგზავნიან მობილიზებულებს, წვევამდელებს და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქზე თავდასხმა რეალურად ექვს თვეზე მეტია, მიმდინარეობს, რუსეთმა ვერ შეძლო მისი აღება.
ექსპერტები აღნიშნავნ, რომ ქალაქს რუსეთისთვის უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამხედრო.