Accentnews.ge
რა საფრთხეს უქმნის  საქართველოს სიცრუე, რომელშიც “ოცნება” გვაცხოვრებს

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სიცრუე, რომელშიც “ოცნება” გვაცხოვრებს

16/02/2023 06:37:42 ანალიზი

გახსოვთ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის “ფრთიანი ფრაზა” – “სიცრუეში გვაცხოვრებენო”? თავის დროზე ივანიშვილზე, როგორც ბიზნესმენზე ამბობდნენ, “ათი ნაბიჯით წინ აქვს ყველაფერი გათვლილიო”. საინტერესოა, იცოდა თუ არა “ქართული ოცნების” აწ უკვე არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა იმ ფრაზის წარმოთქმისას, რომ მისი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ათი წლის თავზე ეს სიტყვები ისე მოერგებოდა ქართულ რეალობას, როგორც არასდროს?

ქართული მიწების ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი საზოგადოების აზრის სათავისოდ აღრევას წინა წლებშიც აქტიურად ცდილობდა, აფინანსებდა რა საქართველოში ცალკეულ პერსონებსა და ჯგუფებს, რომლებიც რუსეთისთვის “პირის მობანვისა” და ანტიდასავლური განწყობების თესვის მცდელობებით იყვნენ დაკავებულები. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხსენებულ პერსონებსა და ჯგუფებს არათუ არ ებრძოდა, პირიქით, სასათბურე პირობებს უქმნიდა რუსეთისთვის სასარგებლო ამ დესტრუქციული საქმიანობისთვის. უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან კი “ოცნება” ამ საქმეში თავადაც აქტიურად ჩაერთო და სულ მალე გადაუსწრო კიდეც რუსეთთან აფილირებულ ძალებს, რომლებიც დღეს ერთგვარ წყენას ვერ მალავენ: აქაოდა, “ქვეყნის გადასარჩენად პირველები ჩვენ ვიბრძოდით, პრიზს კი თქვენ მიიღებთო”. აი, მაგალითად, რას წერს ამ ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი “ოცნებელ” მამუკა მდინარაძეს ამ უკანასკნელის მიერ “საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის” ყბადაღებულ თემაზე გაკეთებული მორიგი ანტიდასავლური განცხადების კომენტირებისას:

შეიძლება, ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში რუსეთისთვის სასარგებლო ანტიდასავლური განწყობების თესვისა და მოსახლეობის მიზანმიმართული დაბნევა-დაშინების მიზნით ნამდვილი სოცშეჯიბრია გაჩაღებული. სანამ კონვექციურ ომში ფაქტობრივად დამარცხებული რუსეთი სასოწარკვეთისგან უკრაინას მარაგში დარჩენილი რაკეტებით ბომბავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათგან ფორმალურად გამოყოფილ ჯგუფ “ხალხის ძალასთან”, სახელისუფლებო მედიასთან, ივანიშვილის კარის “ფილოსოფოსებთან”, “ექსპერტებთან” და მთელს ტროლ-არმიასთან ერთად გამალებით “ბომბავენ” ჩვენს მოსახლეობას სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივებით, რომლებიც ხშირად ძალიან ჰგავს, რიგ შემთხვევებში კი პირდაპირ ემთხვევა კრემლისას.

მთელი ამ ამაზრზენი სიყალბის მიზანი ისაა, რომ მოსახლეობის თვალში რეალობა თავდაყირა დააყენონ: დასავლელი პარტნიორები წარმოაჩინონ მტრად, ოკუპანტი რუსეთი კი – ლამის მოყვარედ, ანტიდასავლურად განწყობილ მოქალაქეთა დღევანდელი მცირე რაოდენობა მაქსიმალურად გაზარდონ და ამით ლეგიტიმაცია შესძინონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთისკენ გადახრის მცდელობას, რომელიც უკვე აშკარადაა გამოკვეთილი.

და ეს ყველაფერი – იმ ფონზე, რომ:

  • საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დიდი ხანია, გაკეთებული აქვს, ხოლო შემდგომ წლებში (მათ შორის – მიმდინარე წლის სოციოლოგიური კვლევების შედეგებითაც) არაერთგზის დადასტურებულიც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანი;
  • ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაცაა გამყარებული და შესაბამისი ჩანაწერი მასში, სხვათა შორის, “ოცნების” მმართველობის პერიოდში გაკეთდა, რითაც მმართველ გუნდს იმხანად დიდი ენთუზიაზმით მოჰქონდა თავი;
  • საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტებში, მათ შორის - “ქართული ოცნების” მმართველობის დროს დამტკიცებულშიც, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთია აღიარებული;
  • რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 25%, მცოცავი ოკუპაციის შედეგად კი საქართველოში ნადავლს მეტრ-მეტრ უკვე 14 წელია, უომრად ზრდის;
  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებამდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთგზის გამოაცხადეს “დიადი რუსეთის აღორძინების” განზრახვა, - პუტინის ახალი იმპერიისა, რომლის საზღვრები თურმე, “არსად მთავრდება”; ამ კონტექსტში უკვე ომის მიმდინარეობისას რუსეთმა დიმიტრი მედვედევისა და სხვათა პირით საქართველო, უკრაინის (და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების) მსგავსად, გამოაცხადა “ხელოვნურ სახელმწიფოდ”, რომელიც “დიდი რუსეთის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს”;
  • ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება, ჰქონდეს საქართველოს რუსეთის მიერ ამ საჯაროდ გაცხადებული გეგმების რეალიზებისა და უკრაინის მსგავსად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი გამოლაშქრების შემთხვევაში, დასავლეთია. შესაბამისად, დასავლელი პარტნიორებისგან დისტანცირების შემთხვევაში საქართველო მარტო, სრულიად დაუცველი დარჩება რუსული საფრთხის პირისპირ.

ჯერ-ჯერობით კი, სანამ რუსეთი უკრაინაშია დაკავებული ომით, ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს თავის ორბიტაზე დაბრუნებას უომრად ცდილობს და ალბათ, პირველად ისტორიაში, ამაში მას არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი უწყობს ხელს თავისი სადეზინფორმაციო პროპაგანდით.

რატომ - უომრად? მიზეზი ორია:

1) კრახი უკრაინის ფრონტზე, რესურსების სიმწირე და მოუცლელობა: სსრკ-ის აღდგენის არაერთგზის საჯაროდ დეკლარირებული იდეით შეპყრობილ კრემლს რომ გასული წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაგეგმილი ბლიც-კრიგი გამოსვლოდა, რუსული ტანკები უკვე თბილისში იდგებოდნენ და საქართველო ან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნებოდა, ან, “საუკეთესო” შემთხვევაში – რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოსი, რომელსაც პუტინი სსრკ-2-ად მოიაზრებს. მაგრამ უკრაინა, ჩვენდა საბედნიეროდ, კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. რუსულმა არმიამ არათუ მთელი უკრაინა ვერ დაიპყრო, ომის წლისთავისთვის დონბასის ოლქის სრულად აღების მნიშვნელოვნად შეკვეცილი ამოცანაც კი ვერ განუხორციელებია, უკრაინელები კი, ბარბაროსული რუსული აგრესიის შედეგად გამოვლილი ყველა საშინელების მიუხედავად, განწყობილნი არიან, ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე განაგრძონ ბრძოლა, - ასეთია უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მის გადაწყვეტილებებში უმაგრებს ზურგს. ახლახანს პუტინმა, რომელსაც 21 თებერვალს ფედერაციის საბჭოსადმი მიმართვა ელის და რაღაც მაინც სჭირდება ომის წლისთავზე “გამარჯვებად” გასასაღებლად, დონბასში ახალი შეტევა წამოიწყო და ამ მიზნით, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინისკენ ამჯერად მთელი მისი ძალების 97% გადაისროლა, თუმცა ჯერ-ჯერობით კვლავ წარუმატებლობას განიცდის: ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კუთხით უდიდესი დანაკარგების განცდის მიუხედავად, აგრესორმა მხოლოდ რამდენიმე, სტრატეგიული თვალსაზრისით სრულიად უმნიშვნელო დასახლებული პუნქტის აღება შეძლო (სულ ესაა, რის საფუძველზეც ამასწინათ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გვარწმუნებდა, თითქოს რუსეთი ომს ლამის იგებს!). თავის მხრივ, უკრაინის ჯარი უახლოეს ხანებში, კიდევ უფრო მაღალი კლასის დასავლური შეიარაღების მიღებისთანავე მორიგი კონტრშეტევის განსახორციელებლად ემზადება, - გასული წლის სექტემბრის მსგავსის, რომლის შედეგადაც მან აგრესორის მიერ ახლადოკუპირებული ტერიტორიების ნახევარზე მეტის დაბრუნება შეძლო;

2) საქართველოს მმართველი გუნდის ლოიალურობა: არ ვიცი, ბედის ირონიას უნდა მივაწეროთ თუ რაიმე სხვას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მტერმა რუსეთმა, ათწლეულების განმავლობაში მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საქართველოში წონად დასაყრდენს სწორედ ახლა მიაგნო, როცა თავად ისეა ყოველმხრივ დასუსტებული, როგორც არასდროს.

სადღეისოდ საქართველოში (და არა მარტო) არსებობს მოსაზრება, რომ “ქართული ოცნება” არათუ პრორუსული, პირდაპირ რუსული ძალაა”. ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული ჯგუფების რიგი წარმომადგენლები მართლაც ავლენენ თუ ღიად კოლაბორაციონისტულ მიდრეკილებებს არა, სულ მცირე, “სოვნოსტალგიას”. მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მმართველ გუნდში ამ სენით ყველაა შეპყრობილი და უკლებლივ ყველა ოცნებობს, საქართველო თუ მთლად რუსეთის არა, სულ მცირე, რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს (იგივე სსრკ-2-ის, ან გნებავთ, პუტინის საოცნებო ახალი იმპერიის) შემადგენლობაში იხილოს. მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ნათლად ჩანს კრემლისა და “ოცნების” ინტერესთა კვეთა, ის, რომ შედეგობრივად, “ქართული ოცნების” პოლიტიკა სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და შესაბამისად, ქებასაც, რომელიც ამასწინათ მოვისმინეთ, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმსახურებს.

რაში მდგომარეობს ეს ინტერესთა კვეთა? რაში სჭირდება რუსეთს “ოცნება”, “ოცნებას” კი - რუსეთი?

რუსეთი არ მალავს, რომ იღწვის, საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნოს. ამისათვის კი აუცილებელია:

  • ქვეყნის დასავლელი მოკავშირეებისგან დისტანცირება და დაუცველად დატოვება;
  • მოსახლეობის თვალში საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაცია ანტიდასავლურად განწყობილი მცირერიცხოვანი ნაწილის თანდათან გასაზრდელად, რათა საბოლოო ჯამში, შეიქმნას საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაში ასახული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორის შესაცვლელად და გეზის რუსეთისკენ ასაღებად;
  • ქვეყნის განვითარების შეფერხება და როგორც შედეგი, მაქსიმალური დასუსტება, საბოლოო ჯამში კი – რუსეთის ან ნაწილად, ან, სულ მცირე, სატელიტად ქცევა.

“ქართული ოცნების” მიერ მმართველობის დასაწყისშივე დეკლარირებული “არგაღიზიანების პოლიტიკის” პირობებში, რომელიც ბოლო დროს უბრალოდ “არგაღიზიანებას” საგრძნობლად გასცდა, მოსკოვს ნოყიერი ნიადაგი ექმნება ხსენებული მიზნების მისაღწევად. თუ საწყის ეტაპზე საქართველოს მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას მეტ-ნაკლებად ნიღბავდა ერთგვარი ლავირების მცდელობებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “ორ სკამზე ჯდომის” პოლიტიკა აღარ ჭრის: მსოფლიო ორ არათანაწონად ბანაკადაა გაყოფილი: მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგაა გაერთიანებული და როგორც “ოცნების” არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, “შუა უნდა გაიკრიფოს”. თუ ომამდე “ოცნების” ხელისუფლების მიერ დემოკრატიული რეფორმებისა და ნატო-სკენ სვლის ფაქტობრივი გაყინვის, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ფონზე ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ უღვივოდა იმედი, რომ ეს ყველაფერი არა რუსეთის ინტერესში კეთდებოდა, არამედ უბრალოდ ჩვენი ხელისუფლების უნიათობის შედეგს წარმოადგენდა, დღეს, როცა უკრაინის ომის ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ერთ მოთამაშეს – რუსეთს შეიძლება, ეამოს, ეჭვს აღარ იწვევს, რომ “ოცნებას” ამ ომში ფსონი სწორედ ჩვენს მტერ სახელმწიფოზე – რუსეთზე აქვს დადებული (ამაზე მეტყველებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის ამასწინანდელი ზემოთხსენებული განცხადებაც ომში რუსეთის ვითომდა გამარჯვების წარმოსაჩენად)…

გამაოგნებელია და პარადოქსული? - დიახ, ცალსახად! მაგრამ ეს – საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და არა ხელისუფლებისთვის, რომლის ინტერესები დიდი ხანია, ასცდა მოსახლეობისას და უკვე პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი; ასევე უშიშროების კონცეფციასთან, რომელშიც საქართველოს მთავარ საფრთხედ რუსეთია აღიარებული.

რაშია საქმე? როგორ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება ამ ომში საქართველოს მთავარი მტრის მხარეს იყოს და არა სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის? ან თუნდაც მორალური თვალსაზრისით როგორ შეიძლება, ამ ომში აგრესორს და არა აგრესიის ობიექტს უჭერდეს მხარს იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელმაც უკრაინაზე ადრე – 2008-ში თავად იწვნია საკუთარ თავზე რუსული აგრესია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი 200 წლის განმავლობაში მხოლოდ საფრთხეს უქმნიდა, რომელიც დღესაც განიცდის რუსულ ოკუპაციას? “ოცნების” ამ პარადოქსული და ამორალური ქცევის მიზეზები იმაზე ტრივიალურია, ვიდრე ვინმეს შეიძლება, წარმოედგინოს:

  1. ხელისუფლების არაფორმალური მმართველის, მისი გარემოცვისა და მასთან დაახლოებული მეწარმეების ბიზნეს-ინტერესების რუსეთთან ბმა, რომელიც, ცხადია, გარკვეულ ვალდებულებებსაც მოიცავს;
  2. სადღეისოდ ხელმოცარულ მმართველ გუნდს, რომელსაც მოსახლეობისთვის მიღწევების სახით არსობრივად, არაფერი აქვს წარსადგენი, რომელიც ევროპას “დემოკრატიით გაოცებას” ჰპირდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ყოველმხრივი რეგრესით გააოცა (და რეალურად, სწორედ ამის გამო დაისაჯა ქვეყანა რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით), ერთადერთი რამ აღელვებს - ძალაუფლების შენარჩუნება, ამაში კი მსგავს რეჟიმს დასავლეთის ვერც ერთი დემოკრატიული ქვეყანა ვერ დაუჭერს მხარს და მას ერთადერთი მოთამაშის მხარდაჭერის იმედი შეიძლება, ჰქონდეს – სწორედ რუსეთის, რომლისთვისაც საქართველოს უკუსვლა, ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირება, დასუსტება, დაუცველობა და ამ მდგომარეობაში მის პირისპირ მარტოდ აღმოჩენა ნამდვილი საჩუქარია.

“ოცნებამ” მშვენივრად უწყის, რომ მისი ეს პოლიტიკა პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, მათ შორის მმართველი გუნდის მხარდამჭერების დიდი ნაწილის მიერ მრავალგზის დადასტურებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან; რომ ქვეყანას სასწრაფოდ აქვს შესასრულებელი ევროკავშირის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მანამდეც უნდა ჰქონოდა შესრულებული (და მაშინ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, უკვე გვექნებოდა წევრობის კანდიდატის სტატუსი – ყველა შესაბამისი ფინანსური ბენეფიტითა და უსაფრთხოების საგრძნობლად მეტი დაცულობით); რომ ევროინტერაციის გზაზე წინსვლის ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის საკითხის წყალობითა და რაც მთავარია, მხოლოდ დროებით გაგვიჩნდა, გამოუყენებლობის შემთხვევაში შეიძლება, მრავალი ათწლეულით დავკარგოთ; რომ წლის ბოლოს რეკომენდაციების შესრულება კვლავ შეფასდება და იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა “ასოცირებულ ტრიოს” საბოლოოდ არ გამოეთიშოს, მმართველი გუნდი ახლა მაინც უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსს. მაგრამ თუ დღეის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, “ოცნება” საპირისპირო მიმართულებით აგრძელებს სვლას და მეტიც, ამ სვლის ტემპს ყოველდღიურად ზრდის: ძალაუფლებასა და არაფორალური მმართველის პირად ინტერესებს მისთვის, როგორც ჩანს, გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე საქართველოს მომავალს და მზადაა, ამ ინტერესების დასაკმაყოფილებლად ქვეყანა “რკინის ფარდის” ბნელ მხარეს დატოვოს რუსეთთან ერთი-ერთზე.

“ოცნებამ” იცის ისიც, რომ ქვეყნის ისტორიული ევროპული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებასა და ამით მომავლის ფაქტობრივ დასამარებას აღარავინ აპატიებს, არადა, უკვე 2024-ში ელის არჩევნები, რომლის ჩატარება ამჯერად უკვე გამარჯვების მომტანი მაჟორიტარების გარეშე მოუწევს, ამიტომაც გამალებით ცდილობს სადღეისოდ მცირერიცხოვანი ანტიდასავლური ელექტორატის რაოდენობის გაზრდას და ამისთვის საზოგადოებრივ აზრზე სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ზემოქმედების წმინდად კრემლისეულ ბინძურ მეთოდს იყენებს.

იგი ცდილობს, დაგვაჯეროს, თითქოს რუსეთი უკრაინაში ომს იგებს და დასავლეთი კიევის დასახმარებლად “ომში საქართველოს ჩათრევას ცდილობს”, “ქართული ოცნება” კი თავისი “პრაგმატული” პოლიტიკით (მოსკოვისადმი ლოიალურობითა და დასავლეთისგან დისტანცირებით) ქვეყანას “ომისგან იცავს”. მაგრამ რეალურად, ყველაფერი ზუსტად პირიქითაა:

  • ერთადერთი, ვისაც ომი სურს, იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილი პუტინის რუსეთია, რომელმაც განახორციელა კიდეც აგრესია 2008-ში – საქართველოს, ხოლო 2014-ში – უკრაინის წინააღმდეგ, გასული წლის თებერვლის ბოლოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში ახლა უკვე სრულმასშტაბიანად შეიჭრა და იგივეთი ემუქრება საქართველოსაც, მოლდოვასაც, ყაზახეთსაც – ყველას, ვისაც სსრკ-2-ში მოიაზრებს;
  • რუსეთის მიერ ომის ერთი წლის განმავლობაში განცდილი გამაოგნებელი მასშტაბების დანაკარგების გათვალისწინებით, იმპერიის აღდგენის შიზოფრენიული იდეის რეალიზება პუტინის რეჟიმისთვის ახლა “ღირსების საკითხია”, სტრატეგიული მიზანი, ის, რაც თავად პუტინს საკუთარი გარემოცვის მიერ ლინჩის წესით სრულიად შესაძლო გასამართლებისგან გადაარჩენს. და რაოდენ მიამიტი უნდა იყო ადამიანი, რომ დაიჯერო, თითქოს ამ პირობებში კრემლისადმი “ოცნებელთა” ლოიალურობა, დათმობები და ენის მოჩლექით საუბარია ის, რამაც შეიძლება, მოსკოვი მისი იმპერიალისტური გეგმების რეალიზებისგან შეაჩეროს?! მსოფლიო უკვე არაერთგზის დარწმუნდა და უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანი აგრესიაც იმის მორიგი დასტურია, რომ მოსკოვს საბაბი არ სჭირდება – ის მას თავად თხზავს, თუნდაც სრულიად აბსურდულს; რომ პუტინის რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ერთადერთი, რაც დღეს შეაჩერებს, უკრაინასთან მარცხია! შესაბამისად, როგორც მორალური, ისე წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც, ამ ომში საქართველო ფსონს სწორედ უკრაინის და არა რუსეთის გამარჯვებაზე უნდა დებდეს და ყოველმხრივ ეხმარებოდეს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას აგრესორის დამარცხებაში, რათა ხვალ მას საქართველოსკენ გამოხედვის აღარც თავი ჰქონდეს, აღარც სურვილი;
  • დასავლეთს არანაირი ინტერესი არ აქვს და არც შეიძლება, ჰქონდეს საქართველოს ომში ჩართვის, ყველაფერი პირიქითაა, რადგან 1) საქართველოზე შავი ზღვით ევროპისკენ უმსხვილესი ელექტრო- და ოპტიკურ-ბოჩკოვანი კაბელები გაივლის; 2) აზერბაიჯანმა ევროპისთვის საქართველოს გავლით გააორმაგა და მომავალ წელს კიდევ გაზრდის ნავთობპროდუქტების მიწოდებას; 3) ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ევროპისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაა დაგეგმილი; 4) ქართული პორტების, ასევე სარკინიგზო და ავტოტრანსპორტით ევროპიდან აზიაში და პირიქით უამრავი ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება; 5) საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის შემთხვევაში სწორედ დასავლეთი იქნებოდა ის, ვისაც მოუწევდა ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის დახმარებაც ფინანსებით, შეიარაღებითა და ა.შ., შესაბამისად, მისთვის ეს მხოლოდ დამატებითი პრობლემების მომტანი იქნებოდა;
  • დასავლეთისგან დისტანცირება საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან ჩვენს ქვეყანას სრულიად დაუცველად და შესაბამისად, “ადვილ ლუკმად” აქცევს რუსეთისთვის. შესაბამისად, რეალურად პრაგმატული არსებულ ვითარებაში სწორედ დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალური დაახლოებისა და კოორდინაციის პოლიტიკა იქნებოდა – ანუ იმის საპირისპირო, რასაც “ოცნება” გვთავაზობს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების სისტემატიური ლანძღვისა და მათ მიმართ აბსურდული პროპაგანდისტული ბრალდებების სახით.

და ნურავის დააბნევს “ოცნების” ხელისუფლების ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯები (დასავლეთის გაუთავებელი დადანაშაულება “ომში ჩათრევის მცდელობაში” და ამ ფონზე აშშ-ისგან 33-მლიონიანი დახმარების მიღება; დასავლელი პარტნიორების ლანძღვა და ამავდროულად პროდასავლური კურსის ერთგულების სასაცილო მტკიცება და ა.შ.): ეს ყველაფერი რუსული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის კარგად აპრობირებული ცნობილი ხერხია მოსახლეობის დასაბნევად, რათა შემდგომში დეზორიენტირებული მოქალაქეები გაცილებით ადვილად მოსატყუებელნი და სამართავნი გახდნენ.

ხელისუფლებისა და მისი სატელიტი ჯგუფების წარმომადგენლები თავის განცხადებებში საქართველოს ივანიშვილთან აიგივებენ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს – ივანიშვილის პირად ინტერესებთან და ღიად აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი ივანიშვილის ინტერესებს შეეხება, ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს, უარი თქვას ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმის ისტორიულ შესაძლებლობაზე, რომელიც მხოლოდ უკრაინის ომის ფონზე და მხოლოდ დროებით მოგვეცა; თურმე, ზურგი უნდა ვაქციოთ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ედგნენ გვერდში ჩვენს ქვეყანას, მათ შორის - რუსული საფრთხისაგან დამოუკიდებლობის დასაცავად, ფინანსურად, წინსვლა-განვითარების მიმართულებით… სწორედ ეს გვითხრა 15 თებერვალს კიდევ ერთხელ კახი კალაძემ და მისი პირით მთელმა ხელისუფლებამ: მზად ვართ მამა-მარჩენალი ივანიშვილის პირადი ინტერესების ნებისმიერ ფასად დასაცავად, თუნდაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და უსაფრთხო მომავალზე იყოს საუბარი! - “თუ არ მოგვცემენ სტატუსს, თავისთვის დაიტოვონო”!... ანუ, მზად არიან, ერთი კაცის ინტერესებს გადააყოლონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მრავალწლიანი არჩევანი, რომლისთვისაც საქართველომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამდენი არა მარტო ოფლი ღვარა, არამედ სისხლიც!...

დროა, “ქართულმა ოცნებამ” (თუ გააჩნია) სინდისს მოუხმოს, შეიგნოს, რას სჩადის და გააცნობიეროს, რაოდენ დიდ – შესაძლოა, ფატალურ ზიანს აყენებს ქვეყანას; რომ ანტიდასავლური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული თამაშები რუსეთისთვის “კუდის ქიცინთან” ერთად უდიდესი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რომლის მიმართ რუსეთის დღის წესრიგი არსად გამქრალა; რომ “ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯები და განცხადებები ბზარს აჩენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებში და უმყარებთ საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ კურსს იცვლის; რომ ეს ხდება იმ დროს, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოების გარემო სრულად იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები და საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას შეცდომების დაშვების ფუფუნება ნამდვილად აღარ აქვს!

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S