Accentnews.ge
EBRD: მეზობლებმა რუსეთისთვის მისაყიდად დასავლური პროდუქციის შესყიდვები მრავალჯერადად გაზარდეს

EBRD: მეზობლებმა რუსეთისთვის მისაყიდად დასავლური პროდუქციის შესყიდვები მრავალჯერადად გაზარდეს

16/02/2023 12:00:07 პოლიტიკა, ეკონომიკა

უკრაინასთან ომის გამო დაწესებული სანქციებისა და სავაჭრო ჯაჭვების წყვეტის ფონზე რუსეთში დასავლური საქონლის ექსპორტის მკვეთრი შემცირების პარალელურად, ასევე მკვეთრად გაიზარდა მისი მიწოდებები რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში. მეზობელმა სახელმწიფოებმა "სავაჭრო შუამავლების" როლი იკისრეს და მათ მიერ შესყიდვადი პროდუქცია, მათ შორის - სანქცირებულიც, რუსეთისკენ მიემართება, - წერს, "The Moscow Times"-ის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) რეგიონული ეკონომიკის მორიგ მიმოხილვაში.

იგი აღნიშნავს, რომ სავაჭრო ნაკადების გადაორიენტაცია ძალზე სწრაფად განხორციელდა: ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დან რუსეთში ექსპორტი 2022 წლის მაის-ივლისში 50%-ზე მეტით შემცირდა (პანდემიამდელი 2017–2019 წლების იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით), მაგრამ იმავდროულად 80%-ზე მეტით გაიზარდა დასავლეთის ქვეყნებიდან მიწოდებები ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად (70-80%-ით) გაიზარდა ევროპიდან ექსპორტი სომხეთსა და ყირგიზეთში. ეს ორი ქვეყანა რუსეთთან ერთად შედის ევრაზიულ ეკონომიურ კავშირში, რომლის ტერიტორიაზე ტვირთებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ამასთან, სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი თითქმის 150%-ით გაიზარდა, ხოლო ყირგიზეთიდან — 200%-ზე მეტით.

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დაკარგულ მთელ დასავლურ იმპორტს იგი ახლა შუამავალი მეზობელი ქვეყნებისგან იღებს, - აღნშნავს EBRD და იქვე განმარტავს, რომ ეს ახალი ნაკადები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მოცულობებისა, რომელიც რუსეთმა დასავლეთთან სავაჭრო კავშირების წყვეტის შედეგად დაკარგა.

ამ გადაორიენტირებით სარგებელს უპირველესად, შუამავლები პოულობენ: სომხეთისა და ყირგიზეთისთვის ვაჭრობის დამატებითმა მოცულობებმა მაის-ივლისში მშპ-ის 4-6% (წლიურ გამოხატულებაში) შეადგინა. ამასთანავე, ამან ბიძგი მისცა ხენებულ ქვეყნებში ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა ლოგისტიკა და ფინანსური მომსახურება.

როგორც ცნობილია, გასული წლის თებერვალში ომის დაწყებისა და შემდგომ სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან სომხეთში უამრავი IT-სპეციალისტი გაიქცა. ამასთან დაკავშირებით ქვეყანამ დასავლეთში მეტი შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა დაიწყო და თუ ნაწილს თავისთვის იტოვებს, შესყიდულის ნაწილს რუსეთისკენ ამისამართებს. როგორც ჩანს, სწორედ კომპიუტერული ტექნიკის შეძენას უკავშირდება აშშ-დან იმპორტის ფენომენალური - 348%-იანი ზრდაც, - აღნიშნავს EBRD.

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კი აშშ-დან მიწოდებები შესაბამისად, 152% და 220%-ით გაზარდეს იმ დროს, როცა რუსეთში ამერიკული ექსპორტი მაის-ივლისში 88%-ით დაეცა.

გასული წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპები შესაძლოა, შემცირებულიყო. ჩიპებისა და სერვერების რიგმა ამერიკელმა მწარმოებლებმა სომხეთში მიწოდებები შეწყვიტეს, - უამბო დეკემბერში "Financial Times"-ს ერთ-ერთი რუსული იმპორტიორი ტექნოლოგიური კომპანიის ტოპ-მენეჯერმა: "გვითხრეს, "ადრე წელიწადში ერთი ლიცენზია გქონდათ, ახლა კი 100-ს ითხოვთ? კარგად ბრძანდებოდეთო". და ასე იქნება უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში, თუ პუტინი არ მოკვდება".

სავაჭრო ნაკადების გადაორიენტირება შესაძლოა, კავშირში იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან, - აცხადებს EBRD-ს მთავარი ეკონომისტი ბეატა იავორჩიკი.

თუმცა არა მარტო: მაგალითად, Coca-Cola-მ და PepsiCo-მ რუსეთში თავისი გლობალური ბრენდების გაყიდვების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და ახლა მიმწოდებლებს გაზიანი სასმელები სხვა ქვეყნების, მათ შორის ყირგიზეთის, უზბეკეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის გავლით შეაქვთ, - გაარკვია გამოცემა VPost-მა.

სავაჭრო ნაკადების გადაორიენტაციის სხვა შესაძლო მიზეზებს შორის იავორჩიკი ასახელებს დასავლელი გამყიდველების არსურვილს, შეამოწმონ რუსეთის კონტრაგენტების სანდოობა და სანქციებს არდაქვემდებარებულობა, ასევე ანგარიშსწორების სირთულეებს.

ცნობისთვის: ევროკავშირი უკრაინის ომის წლისთავისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-10 პაკეტს ამზადებს, რომელიც კიდევ 11 მლრდ ევროს ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების აკრძალვას მოიცავს. ამავდროულად ევროპელები იღწვიან, გაამკაცრონ შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი და აიძულონ მათი ზედმიწევნით შესრულება ქვეყნებს, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ რუსეთთან საკუთარი ტვირთბრუნვის გასაზრდელად.

"ძალზე მნიშვნელოვანია, ხვრელები საიმედოდ დაილუქოს. ნათელია, რომ მოვაჭრეები პოულობენ კანონიერ გზებს საქონლის მისაყიდად, მაგალითად, თურქეთის, სომხეთის ან ყაზახეთისთვის, ეს უკანასკნელები კი შემდეგ მას რუსეთისკენ ამისამართებენ, არ იცავენ რა სასანქციო რეჟიმს" - განაცხადა თებერვლის დასაწყისში ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S