
ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს
16/02/2023 20:02:48 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ტერიტორიის დათმობა ნიშნავს, რომ "რუსეთს უკან დაბრუნება შეეძლება".
მისი თქმით, საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.
"თანამედროვე იარაღი, რა თქმა უნდა, აჩქარებს მშვიდობას. იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის", - ამბობს ზელენსკი.
კითხვაზე, რას ფიქრობს, როგორ დასრულდება ომი, ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა:
"დღეს ჩვენი გადარჩენა ჩვენი ერთიანობაა... მჯერა, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის".