„რუსეთი ვერ დაბლოკავს“: პოზიტიური ძვრები საქართველოს სამეზობლოში

17-02-2023 18:18:54 კავკასია ,ინტერვიუ

ურთულესი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე საქართველოს სამეზობლოში საინტერესო ძვრები შეინიშნება: ერთის მხრივ, სომხეთმა აზერბაიჯანს საპასუხო სამშვიდობო წინადადება გაუგზავნა და პროექტის ასლები მიეწოდათ აშშ–სა და რუსეთსაც. თავად დოკუმენტის შინაარსი უცნობია, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებით მწვავედ გამოკვეთილი საკითხებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებას, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვრის საკითხის სამართლიანი პრინციპების მიხედვით გადაწყვეტას და სომხურ რეგიონზე გამავალ დერეფანს ეხებოდეს, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ზანგეზურს, სომხური სიუნიკს უწოდებს.

პროცესზე დამკვირვებლები მოკლე პერიოდში კარდინალურ ცვლილებებს არ პროგნოზირებენ ვითარების სირთულიდან გამომდინარე, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს, პროცესი არ გაყინულა და მან მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაინაცვლა, ცალსახად პოზიტიურად ფასდება.

მეორეს მხრივ – პოზიტიური ძვრებია სომხეთ–თურქეთის ურთიერთობებშიც: მხარეებს შორის რამდენიმე შეხვედრა მანამდეც შედგა, თუმცა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მნიშვნელოვანი (და თუ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული არაერთგვაროვანი განწყობებით, ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მძიმე ურთიერთობებით ვიმსჯელებთ, არც თუ მარტივიც) გადაწყვეტილებები მიიღო: ჰქონდა კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტთან, გაგზავნა სამაშველო ჯგუფი მიწისძვრის მძიმე შედეგებთან საბრძოლველად და ჰუმანიტარული ტვირთი. ამ ტვირთვისთვის ბოლო 35 წლის მანძილზე პირველად გაიხსნა თურქეთ–სომხეთის საზღვარი.

მნიშვნელოვანია, რომ ანკარამ სომხეთის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი მიიღო და როგორც რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, ის „დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზეო“. მას მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ანკარაში, ხოლო სამშობლოში დაბრუნებულმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, “გადაწყდა, დაჩქარდეს თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი”.

მისი თქმით, ანკარაში მხარეებმა დიალოგის პროცესის დაჩქარებასა და საზღვრების საბოლოო გახსნის პროცესზე, ასევე, ანიის ხიდის ერთობლივად აღდგენაზე ისაუბრეს.

როგორც იუწყებიან, ქვეყნებს შორის სახმელეთო გზა 2023 წლის ზაფხულამდე უნდა გაიხსნას, პირველ ეტაპზე მესამე ქვეყნის და სომხეთ-თურქეთის დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქლაქეებისთვის. რამდენად იძლევა ეს ძვრები ოპტიმიზმის საფუძველს? აქ რა ინტერესი აქვს საქართველოს? – ამ ძირითადი საკითხების ირგვლივ „აქცენტი“ ისტორისკოსს, უსაფრთხოების სპეციალისტ დავით ბრაგვაძეს ესაუბრა.

– ბატონო დავით, არის შესაძლებლობა, თურქეთ–სომხეთის დაახლოებამ პოზიტიური გავლენა იქონიოს სომხურ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე?

– აქ ორი შრეა: ერთია, თურქეთ–სომხეთ–აზერბაიჯანი და მეორე – თურქეთ–სომხეთი, მაგრამ ეს უკანასკნელი მიმართულება არ მუშაობს, რადგან ანკარა ბაქოს ფაქტორის გათვალისწინებით ყველა ინიციატივას აჩერებს. დახურულ კარს მიღმაც ბევრჯერ მომისმენია და ღიადაც ამბობენ, რომ სომხეთთან მიმართებით იმგვარ ნაბიჯს არ გადადგამენ, რაც აზერბაიჯანში წყენას გამოიწვევს. თუმცა, აზერბაიჯანის დამოუკიდებლად ინტერესები ცალსახად არსებობს, არის ცალკე პროცესიც, მაგრამ მას არ ექნება პერსპექტივა, ვიდრე სომხეთ–აზერბაიჯანს შორის არ დალაგდება რიგი საკითხები. ცხადია, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანს არ გაუჩნდეს იგივე სომხეთ–თურქეთის საზღვრის გახსნის ინტერესი: არც იმდენად ეჭვიანობენ ბაქოში – მათ სჯერათ, რომ თურქეთის პოლიტიკის კავკასიურ ნაწილში აზერბაიჯანს სომხეთი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ცხადია, პროცესი რთულია და ყველაფერი ერთმანეთს ებმის.

თავად ის ფაქტი, რომ სომხები დაეხმარნენ თურქებს – ჩავიდნენ მაშველები, გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, უშედეგოდ ვერ დარჩება. ალბათ, ყველა პრობლემურ საკითხს ეს ჟესტი ვერ მოაგვარებს, მაგრამ როგორც მინიმუმ, თურქეთის ხელისუფლების რიტორიკა უნდა შეარბილოს სომხეთის მიმართ. მართალია ეს ხისტი განცხადებები მხოლოდ სომხეთს არ ეხება – იგივე ერდოღანი (მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შედის) აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა, ყველა მეზობელს ესხმის თავს, მაგრამ ადამიანური მომენტია. მგონია, რომ ანტისომხური პათოსი თურქულ პოლიტიკაში თუ არ გაქრება, შერბილდება მაინც და არ იქნება ისეთივე გადამწყვეტი, როგორც წინა არჩევნებზე იყო. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ანკარიდან ბაქოს მიმართულებითაც იყოს მცირე მოძრაობები, „შეიძლება მათთან საუბარი, თანამშრომლობა, ორივეს გვჭირდება და მოდით, რაღაც მოვაგვაროთო“, რადგან თურქეთს სომხეთის მიმართ ინტერესი აქვს, უბრალოდ მას ორი მთავარი ფაქტორი აბრკოლებს: გენოციდი და აზერბაიჯანი. ამჟამად, როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზადაა და მზადაა იმისთვისაც, რომ თუ ამგვარი პერსპექტივა გაჩნდა, გენოციდის თემა არ იყოს დამაბრკოლებელი ამ პროცესისთვის. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, სომხეთი იზოლაციიდან უნდა გამოვიდეს, სხვა გზა ფაშინიანს არ აქვს.

– ერდოღანს მანამდეც არაერთხელ გაუჟღერებია სომხეთთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობის საკითხი. მაინც რაში სჭირდება თურქეთს ეს ურთიერთობები?

– პირველი, სჭირდება იმისთვის, რომ აზერბაიჯანთან უფრო სწრაფი კომუნიკაციის გზები ჰქონდეს. მეორე – თურქეთი საკუთარ თავს ძლიერ რეგიონულ ძალად აღიქვამს – არ აქვს პოტენციალი, იყოს გლობალური აქტორი, ვერ გახდება ამერიკა ან ჩინეთი, მაგრამ აქვს ამბიცია, იყოს გადამწყვეტი რეგიონული ძალა. ამისთვის კი სჭირდება, რეგიონის რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ჰქონდეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე ზეგავლენის საშუალება. დღეს თურქეთს არანაირი როლი არ აქვს სომხეთის პოლიტიკაში არსებული ურთიერთობების დონიდან გამომდინარე. და თუ თურქეთი შეძლებს (მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებული აქვს, თუ ურთიერთობები დაიძაბება, ცალსახად აზერბაიჯანს დაუჭერს მხარს), პოზიტიური როლი ითამაშოს სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების დალაგებაში და სომხეთისთვის ძალიან მტკივნეული საკითხების ამ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებითაც მოგვარებას, ცხადია თურქული აქტორის წონა გაიზრდება. ამასთან, თურქეთს შეუძლია, ეკონომიკურადაც მიიბას სომხეთი, რომელსაც ბლოკადის გამო ირანის და რუსეთის იქეთ გასასვლელი არ აქვს. თურქული ბაზარი კი ბევრად იაფი და ახლოა. ამდენად, საკითხი ასე არ დგას, თითქოს თურქეთს არ სჭირდებოდეს სომხეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბიციები უნდა შეიმციროს, ეს პოლიტიკური ინტერესი კი აიძულებს, ამ საკითხებზე იფიქროს: თუ სურს, რეალურად ჩამოყალიბდეს იმ ძალად, რაზეც აქვს პრეტენზია, ამისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა სჭირდება, სირიაც, ბულგარეთიც... ყველა, გავლენის გასაფართოებლად.

– აქ თურქეთის ინტერესი წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესთან...

– არ ვფიქრობ, როგორც ბევრი საქართველოში, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წააგებს, შემდეგ კავკასიიდან ავტომატურად გავა. პირიქით, შესაძლოა, უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს რუსეთის კონტექსტში, განსაკუთრებით საქართველოს, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია და სომხეთს, რომელიც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რუსეთზე და მისი ხელისუფლება ცდილობს ამ დამოკიდებულებისგან ეტაპობრივად გათავისუფლებას. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის ინტერესების კვეთას, გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთი კავკასიიდან საკუთარი ნებით არ მიდის, მაგრამ სადღაც ძალიან ცუდად „გაიჭედა“, იქ ვერ ახერხებს (იმედია, ვერც მოახერხებს) საკუთარი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას და ნაკლები დრო რჩება, მათ შორის, უშუალოდ ჩვენი რეგიონისთვის. ამ ფონზე რეგიონული ამბიციების მქონე თურქეთი ცხადია, რომ ამ სიცარიელის შევსებას ცდილობს. დღევანდელ მოცემულობაში როგორი „ფლირტიც“ არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან თურქეთსა და რუსეთს, სტრატეგიულ დონეზე ისინი ახლო აღმოსავლეთშიც და კავკასიაშიც ერთმანეთის მტრები თუ არა, კონკურენტები არიან. სწორედ ამ კონკურენციის ფარგლებში, მოწინააღმდეგის პოზიციების შესუსტების გათვალისწინებით ცდილობს თურქეთი, ამ ეტაპზე გაჩენილი უპირატესობა რაც შეიძლება, ეფექტურად გამოიყენოს. რუსეთი არც ერთ ვარიანტში არ იქნება თურქულ–სომხური ურთიერთობების დაახლოების ხელშემწყობი და გულშემატკივარი, მაგრამ შეიძლება, ხელი ვერ შეუშალოს – თუ ანკარასა და ერევანში მიიღეს საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება, მას მოსკოვი, ეცდება, მაგრამ ვერ დაბლოკავს, რადგან არც ფაშინიანია სარქისიანი, ხოლო ერდოღანი საკუთარ სტრატეგიულ მიზანს პუტინს არ შესწირავს. ამდენად, ცხადია, თურქეთი რუსეთთან იკვეთება, ეს ბუნებრივია და ასევე ბუნებრივია ისიც, რომ სწორედ ახლა მიმდინარეობს ეს პროცესები, როდესაც რუსეთს უჭირს. რუსეთი ისეთივე ძლიერი რომ იყოს დღეს ჩვენს რეგიონში, როგორც იყო 2020 წელს, შესაძლოა, კვლავ ორი ბანაკი ყოფილიყო – სომხეთ – რუსეთის და თურქეთ–აზერბაიჯანის.

– პრინციპში, ვხედავთ, რომ პროცესი ახლა დაიძრა და არა მაშინ...

– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობები წარსულშიც იყო – 2008 წელს თურქეთის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში და ფეხბურთს უყურებდა თავის სომეხ კოლეგასთან ერთად სტადიონზე. ანუ მცდელობები იყო, მაგრამ არ გამოვიდა იმიტომ, რომ არსებობდა რუსეთი, ხოლო თურქეთი საკმარისად ძლიერი არ იყო, არ იყო საკმარისი სივრცე მანევრისთვის. ახლა ეს სივრცე შედარებით ფართოვდება.

– რაც შეეხება აზერბაიჯანისთვის გაგზავნილი სამშვიდობო წინადადების ასლების აშშ–სა და რუსეთში დაგზავნას...

– ეს უფრო მეტად ფორმალური საკითხი მგონია, რადგან მინსკის ჯგუფის ყველა წევრს დაუგზავნეს. ანუ ამ სოუსით არის გაგზავნილი. მეორეს მხრივ, გასაგებია, რომ რუსეთს ბოლომდე ვერ ჩაეხსნება სომხეთი – სამწუხაროდ, ამის რესურსი არ აქვს და იძულებულია, გარკვეული ანგარიში გაუწიოს რეალობას, რომელშიც არის. თუმცა, პროცესის, რომელსაც ამჟამად ვადევნებთ თვალს, მთავარი პლუსი ის აქვს, რომ მიუხედავად მანევრირებისთვის ძალიან შეზღუდული სივრცისა, ერევანი ცდილობს, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანცირდეს რუსეთისგან და პროცესში ახალი პარტნიორები გაიჩინოს. ევროკავშირის მისიის მანდატის გაფართოება და რიცხოვნობაში გაზრდაც არ არის უმნიშვნელო ამბავი. მას შემდეგ, რაც სამშვიდობო პროცესში დასავლეთი ჩაერთო, ამ ორ ქვეყანას შორის ესკალაცია არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი ეკოაქტივისტებს იყენებს ლაჩინის [ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის – რედ.] დერეფნის ბლოკირებისთვის. არ ისვრიან, მსხვერპლი არაა – ესაა მთავარი. ანუ, დასავლეთმა ამ ეტაპისთვის მინიმუმ ის უზრუნველყო, რისი უზრუნველყოფაც ვერ შეძლო რუსეთმა ვერც ყარაბაღის მეორე ომამდე და ვერც მას შემდეგ. ამდენად, გათვლა ცალსახად პრაგმატულია: რასაც ვერ ახერხებს რუსეთი, მაგრამ ახერხებს სხვა, უნდა ეცადო, იმ სხვასთან დაალაგო ურთიერთობები შენივე ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, აზერბაიჯანსაც ძალიან სჭირდება ამჟამად ევროპა თავისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ ემოციურ დონეზე სოლიდარობა დღეს ევროპაში სომხეთის მიმართ მეტია, წავიდეს ესკალაციაზე, ახალი კონფრონტაცია დაიწყოს და ამის გამო დაკარგოს გაჩენილი ეკონომიკური შესაძლებლობები, მათი მხრიდან სიგიჟე იქნება. იციან, რომ აზერბაიჯანს არ აპატიებენ იმას, რასაც რუსეთს არ პატიობენ. ამიტომ, მგონია, რომ შესაძლებლობების ფანჯარა (შესაძლოა, ვიწრო, მაგრამ მაინც) სომხეთისთვის ძალიან კარგი შანსია.

– ჩვენ ცხადია, პროცესს მივესალმებით...

ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. „ტრანზიტული ტვირთები საქართველოზე აღარ გაივლისო“ – მგონია, რომ ეს ზარმაცი ადამიანების შიშია, რომელთაც რაღაც ახლის მოფიქრება არ სურთ. ააშენე ანაკლიის პორტი, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, გაზარდე შენი შესაძლებლობები და გაივლის! მილსადენებს კი არავინ გააუქმებს. ამდენად, საქართველოს როლის დაკნინება არ მოჰყვება სომხეთის და თურქეთის ურთიერთობების დალაგებას. პირიქით, ამას მოჰყვება რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტება, რაც ცხადია, რომ ჩვენს ინტერესშია.

აქ ვითარების აფეთქება არავის სჭირდება – არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს, არც ჩვენ და არც ევროპას, რადგან სხვა შემთხვევაში. სატრანზიტო ფუნქციას ვერ შევასრულებთ. წარმოიდგინეთ, გერმანიამ ომიდან 10 თვეში რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება 0%–ზე ჩამოიყვანა, რაც წარმოუდგენელი გვეგონა. ვფიქრობ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქ სიმშვიდე იყოს და რომ მათ შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის დალაგდეს ურთიერთობები, რომელსაც თავის მხრივ პრობლემები აქვს ევროპასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები