
"შეთანხმება შესაძლებელია": ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას მხარს უჭერს
17/02/2023 17:00:46 ევროპა
ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"ეს პროდუქტიული შედეგის მიღწევაში შეიძლება, არ დაგვეხმაროს, რადგან აქ ბევრი მონაწილეა”, - აღნიშნა რუტემ და იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.
მან გაიხსენა, რომ წარსულში შეთანხმებები მიიღწა თვითმავალი ჰაუბიცების, ტანკების ირგვლივ, "ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამაში თანამშრომლობა და პროგრესი შესაძლებელი. გვჯეროდეს, რომ გამოგვივა ამის განხილვა და ისე გადაწყვეტა, როგორც ტანკებთან გამოვიდა”.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების გადაცემაზე შეთანხმება უფრო რთულია, ვიდრე „სატანკო კოალიციაზე”. თუმცა თქვა ისიც, რომ გარკვეული დადებითი მომენტები უკვე არის და მაგალითად უკრაინელი პილოტების წვრთნა მოიყვანა.