40 საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, არ მიიღოს „აგენტების" შესახებ პროექტი
17/02/2023 17:49:06 პოლიტიკა
საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი „აგენტების" შესახებ. განცხადებას ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (NHC) ავრცელებს, რომელსაც ხელს 40 ორგანიზაცია აწერს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში”, – წერია განცხადებაში.
ავტორები საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატთა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს. "ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება". პროექტის მიმართ სიმპათიას არ მალავს მმართველი გუნი.
აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.
იხილეთ ასევე: PACE მოუწოდებს ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს


