ალიევმა თეირანი ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან კავშირში დაადანაშაულა

20-02-2023 16:14:05 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანი ირანში 27 იანვარს აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან კავშირში დაადანაშაულა.

"ჩვენ გამჭვირვალე გამოძიებას მოვითხოვთ. ის ფაქტი, რომ ტერორისტი თავდასხმის შემდეგ ირანულ მედიასაშუალებებს ინტერვიუებს აძლევდა, მეტყველებს მის კავშირზე ირანის ოფიციალურ პირებთან" - ციტირებს ალიევს აზერბაიჯანული სააგენტო Turan-ი.

მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებამ გამჭვირვალე გამოძიება უნდა აწარმოოს და დასაჯოს არამარტო ტერორისტი, არამედ "ის ოფიციალური პირებიც, რომლებმაც იგი გაგზავნეს - ამის გარეშე ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება".

თავის მხრივ, ირანის საგარეო უწყებამ მოუწოდა ბაქოს, "სუბიექტური დამოკიდებულების დემონსტრირებისა და პოლიტიზირებული გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს" და პირობა დადო, რომ მომხდარის გამოძიება "გამჭვირვალედ გაგრძელდება და თეირანი მზადაა, აზერბაიჯანულ მხარეს მისი შედეგები აცნობოს".

ცნობისთვის: თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მიმდინარე წლის 27 იანვარს განხორციელდა. "კალაშნიკოვის" ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმოკლა და დაცვის ორი ტანამშრომელი დაჭრა.

29 იანვარს დიპლომატიური მისიის თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები ბაქოში გაიყვანეს, საელჩოში მხოლოდ 5 თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასა და ქონებას იცავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები