
მდინარაძე – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "მხარს დავუჭერთ"
20/02/2023 16:47:19 პოლიტიკა
მმართველი პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
“ფრაქცია “ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
"თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადსხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ" წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზით ვერ შეძლებს, არც ერთი შეზღუდვა „ხალხის ძალას" არ ჩაუწერია პროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვაგვარი შეზღუდვებია", - განაცხადა მდინარაძემ.
დღეს საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის - "ხალხის ძალის" კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებია, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდენენ.
ბიუროს სხდომაზე საკითხის მხოლოდ პროცედურული ნაწილი განიხილებოდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილმა აქცია გამართა.
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021