
ზელენსკიმ იტალიის პრემიერთან გამართულ ბრიფინგზე მწვავედ გააკრიტიკა ბერლუსკონი
21/02/2023 21:35:40 ევროპა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მწვავე კომენტარი გააკეთა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და სახელისუფლებო კოალიციის წევრი პარტიის ლიდერის სილვიო ბერლუსკონის სიტყვებზე, რომელმაც მას მოუწოდა, შეწყვიტოს „შეტევა“ დონბასზე ომის დასრულების მიზნით.
„ბატონო ბერლუსკონი... მის სახლს ყოველდღე რაკეტებით არასდროს დაბომბავდნენ და მადლობა ღმერთს, რომ მის ეზოში პარტნიორი რუსეთის ფედერაციიდან ტანკით არ შევარდნილა, არ გაუნადგურებია მისი ნათესავები და მეგობრები. ვფიქრობ, ბატონ ბერლუსკონს არ გაუღვიძია დილის 3 საათზე და არ დაუწყია ტანსაცმლის რეცხვა, ორი დღით ადრე არ მოუმზადებია შვილებისთვის, რადგან მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება, უბრალოდ არ იყოს შუქი რუსი ხალხის დიდი ძმური სიყვარულის გამო“,– თქვა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს მსგავსი რამ იტალიამ საკუთარ თავზე იგრძნოს, რადგან „ეს უზარმაზარი ტრაგედიაა".
„ვფიქრობ, აზრის ჩამოსაყალიბებლად საკუთარი ვალით უნდა ნახონ, რა ხდება. და მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსი (თუ პოლიტიკოსი) ნახავს, რა მოხდა აქ, რა სისხლიანი კვალი დატოვა მოძმე რუსეთმა, შემდეგ ერთ დონეზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პუტინის მეგობრად წოდებულმა ბერლუსკონიმ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ თავად პრემიერ–მინისტრი რომ ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული პროპაგანდის გავრცელებით, იტალიის ექს-პრემიერი ახალისებს რუსეთს, გააგრძელოს დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ. მოგვიანებით ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის უკრაინელი ხალხის მხარეს იყო.
იტალიის მოქმედი პრემიერ–მინისტრი ჯორჯია მელონი კიევში სამშაბათს, შუადღისას მატარებლით ჩავიდა. ის ბუჩასა და ირპინს ესტუმრა და მოლაპარაკებები გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.