
რუსულ სასამართლოში უკრაინელი სამხედროს წინააღმდეგ პირველი საქმე შევიდა
22/02/2023 09:57:57 ევროპა
რუსეთის სასამართლოში პირველი საქმე შევიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურის წინააღმდეგ,– იუწყება რუსული პროპაგანდისტული რესურსი TASS სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლოზე დაყრდნობით.
უკრაინელ სამხედროს ანტონ ჩერედნიკს რუსული მართლმსაჯულება რამდენიმე მუხლით ასამართლებს: სამოქალაქო პირების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალაუფლების მიტაცება, მკვლელობა, სწავლება ტერორიზმის მიზნით.
ეს არის პირველი მსგავსი სისხლის სამართლის საქმე რუსეთში, – განაცხადეს რუსულ სასამართლოში.
ჩერედნიკს ბრალი 2022 წლის ივნისში წაუყენეს. გამომძიებლების მტკიცებით, „27 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ მარიუპოლის სოფელ მირნიში ორი მამაკაცი გააჩერა. მათ წარადგინეს დოკუმენტები, მაგრამ სამხედრომ მოითხოვა ფრაზის უკრაინულ ენაზე წარმოთქმა და დასაშინებლად ავტომატიდან ჰაერში სროლა დაიწყო. შემდეგ კი ერთ-ერთ მამაკაცს ესროლა, საბაბად ფრაზის არასწორად გამოთქმა გამოიყენა“.
უკრაინაში პირველი რუსი ჯარისკაცი, რომელიც გაასამართლეს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ბრალდებით, იყო 21 წლის ვადიმ შიშიმარინი. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 28 თებერვალს, სერჟანტმა 62 წლის მამაკაცს თავში ესროლა, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. შემთხვევა სუმის რაიონის სოფელ ჩუპაჰოვკაში მოხდა. შიშიმარინს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ მოგვიანებით კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სასჯელი შეუცვალა და 15–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
აგვისტოს დასაწყისში, ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ ტანკის ოპერატორ მიხაილ კულიკოვს, 31 წლის რუს სამხედროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქალაქის გარეუბანში მდებარე მაღალსართულიანი შენობის დაბომბვის საქმეზე. უფროსი სერჟანტი კულიკოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში.
ნოემბერში უკრაინის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუს ტანკისტს, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსებს მარიუპოლში.