
ევროკავშირის 10 ქვეყანა კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქცების გვერდის ავლაში ეხმარებიან, კონკრეტული ზომების მიღებას მოითხოვს
22/02/2023 11:57:11 ევროპა
ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფო მოითხოვს უფრო ძლიერ ქმედებებს, რათა შეჩერდეს რუსეთის მხრიდან სამხედრო ნაწილების დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით მოპოვება მეზობელ ქვეყნებში რიგი კომპანიების მეშვეობით,– წერს The Guardian.
10 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ერთობლივ ტექსტში აღნიშნავენ, რომ „2023 წელი უნდა იყოს წარმატებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ისინი გამოდიან გაფრთხილებით, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა და სანქციების საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძლება, შემცირდეს, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი არაეფექტურია.
არაოფიციალურ დოკუმენტში ხსენებული ქვეყნების ჯგუფი ამტკიცებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასავლურ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება რუსულ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, ნაწილებს, რომლებიც ადვილად არ იცვლება და მათზე წვდომის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება, ხელი შეეშალოს რუსეთის სამხედრო წარმოებას.
რეკომენდაციები მოიცავს გაუმჯობესებულ თანამშრომლობას ეროვნულ ხელისუფლებებსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის საბაჟო, საგადასახადო ორგანოებს, პროკურორებსა და დაზვერვას შორის ინფორმაციის სათანადო გაცვლის უზრუნველსაყოფად.
ცნობიერების ამაღლების მიზნით ასევე შემოთავაზებულია კომპანიებისა და სექტორების სიის შექმნა, რომლებიც იწვევენ შეშფოთებას.
წინადადებები მოიცავს გაფრთხილებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინდივიდებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში, რომ მოსკოვის დახმარება ემუქრება "სერიოზული შედეგებით მათ შიდა ბაზარზე წვდომას“.