
გერმანელების თითქმის ნახევარი უკრაინის მეტი მხარდაჭერის მომხრეა რუსეთის წინააღმდეგ ომში – გამოკითხვა
22/02/2023 19:14:23 ევროპა
გერმანიის ყოველი მეორე მოქალაქე თვლის, რომ ქვეყნის მთავრობას შეუძლია, უკრაინას მეტი მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისას,– ამაზე მეტყველებს INSA-ს მიერ Bild am Sonntag-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხულთა 49%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ გერმანიის მთავრობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად - ეს 7%-ით აღემატება 2022 წლის მარტის დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.
გამოკითხულთა კიდევ 35% კმაყოფილია ბერლინის მიერ კიევისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის დონით, ხოლო დანარჩენ 16%-ს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გერმანელებში შესუსტდა შიში, რომ ომი შეიძლება გასცდეს უკრაინის საზღვრებს. აპრილში გამოკითხულთა 73%-ს ეშინოდა კონფლიქტის ესკალაციისა და გავრცელების, ახლა 57%-ს.
გერმანიაში გამოკითხულთა 17%-ს ახლა სჯერა, რომ ომში რუსეთი გაიმარჯვებს (2022 წლის აპრილში ასეთი გამოკითხულთა 23% იყო). მაგრამ 20% თვლის, რომ უკრაინას შეუძლია ომის მოგება (18% იყო აპრილში). ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობა (48%, 4% –ით მეტი) მოელის, რომ კონფლიქტში გამარჯვებული არ იქნება.
რაც შეეხება მოლაპარაკებების გზით ომის დამთავრების შესაძლებლობას, ამის სჯერა გერმანელების 42%-ს (5%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს), გამოკითხულთა 40% კი ასე არ ფიქრობს (46%).