საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის გახსნა დაავალა

23-02-2023 00:06:58 კავკასია

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ოთხშაბათს გამოიყენა დროებითი ზომა სომხეთის სარჩელზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელს დაავალა, უზრუნველყოს ადამიანებისა და მანქანების გავლა ლაჩინის დერეფანზე. საუბარია მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებს აქვთ ბლოკირებული. სომხეთი მიიჩნევს, რომ აქტივისტები აზერბაიჯანის ხელისუფლების დავალებით მოქმედებენ, რაც ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აყენებს ყარაბაღში მცხოვრებლებს.

გადაწყვეტილების თანახმად, რომელსაც 15 მოსამართლიდან 13-მა დაუჭირა მხარი, სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაავალა აზერბაიჯანს, მიეღო ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და პროდუქტის შეუფერხებელი გადაადგილება ლაჩინის დერეფანში.

ამავდროულად, გაეროს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში გაზმომარაგების და სხვა კომუნალური საშუალებების სრულად და დაუყოვნებლივ აღდგენის დავალდებულების შესახებ, ვინაიდან სომხეთმა არ წარმოადგინა რეგიონში გაზის მიწოდების შეწყვეტაში აზერბაიჯანის მონაწილეობის მტკიცებულება.

ამავდროულად, გაეროს სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად უარყვეს დროებითი ზომების გამოყენება აზერბაიჯანის შესაგებებელ სარჩელზე სომხეთის წინააღმდეგ „აზერბაიჯანის ტერიტორიის დანაღმვასთან“ დაკავშირებით, ვინაიდან რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, რომლის საფუძველზეც განიხილება დავა, არ გააჩნია ასეთი ვალდებულებები.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს სომხეთმა სთხოვა საერთაშორისო სასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ზომები აზერბაიჯანის მიმართ ლაჩინის დერეფნის გასახსნელად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები