
მუშაობენ იმ დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების სანქცირებაზე, რომლებიც მხარს დაუჭერენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ პროექტის კანონად ქცევას
23/02/2023 08:19:45 კომენტარი
ყოფილი სახალხო დამცველი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ვერც ერთი დეპუტატი ვერ გაექცეს პასუხისმგებლობას, რომელიც ხელს მოაწერს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ პროექტის კანონად ქცევას.
„იქნება ამოქმედებული ყველა რესურსი. მათ შორის, ჩვენ ვმუშაობთ სანქცირების თემაზე – ნებისმიერი იმ პარლამენტარის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რომელიც საბოლოოდ გადადგამს ამგვარ ნაბიჯს და ქვეყნის დასავლურ კურსს შეცვლის რუსეთის მიმართულებით. საუბარია იგივე ევროპაში, აშშ–ში გადაადგილების შეზღუდვაზე. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება კონკრეტული შედეგები“,– ამბობს ნანუაშვილი.
ის ყურადღებას ამახვილებს დასავლური რესურსების წვლილზე საქართველოში კონკრეტული სფეროების განვითარებაში:
„საქართველოში პრაქტიკულად არ დარჩა სფერო, სადაც საერთაშორისო დახმარებით არ მოხდა მდგომარეობის შეცვლა. გვახსოვს 90–იანი წლები და ამ 30 წლის განმავლობაში საერთაშორისო დახმარება მოდიოდა ყველა სფეროზე. ეს ეხებოდა როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, სოფლის მეურნეობას, ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას, განათლებას. ეს პროგრამები თავიდან ჰუმანიტარული სახის იყო, შემდეგ წლების განმავლობაში ფართოვდებოდა და შეიძლება, ითქვას, რომ თუკი საქართველო დღემდე მოვიდა ასეთი სახით, ამაში სწორედ დიდი წვლილი იმ დასავლური დახმარებისაა. ეს დახმარება მიმართული იყო არა მხოლოდ მდგომარეობის შეცვლისკენ, არამედ განვითარებისკენ, განათლებისკენ – საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იმ პროგრამების მოსარგებლეა“.
ნანუაშვილი აღნიშნავს კანონპროექტის დისკრიმინაციულობას და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანია, ქვეყანაში გაქრეს კრიტიკული ხმა, რომელიც საუბრობს არსებულ დარღვევებზე, მათ შორის, ძალადობაზე, კორუფციაზე:
„აქ საუბარია ამ დახმარების მიმღებ არა სახელმწიფო, არამედ დამოუკიდებელ აქტორებზე – არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე და არა იგივე სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც დღემდე დასავლური გრანტების ყველაზე მსხვილი მიმღებნი არიან – ჩემი ინფორმაციით, 80%–ზე მეტი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მოდის. შესაძლოა, ვერც ნახოთ უწყება, სადაც რაიმე ერთობლივი პროექტი არ იყოს, რომელიც ევროკავშირის, გაეროს, მსოფლიო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არ ფინანსდება. კანონი არ ვრცელდება ბიზნესზეც, რომელიც ასევე ძალიან დიდი მოსარგებლეა – იგივე სოფლის მეურნეობაში დიდი პროგრამები ხორციელდება ევროპული ან ამერიკული დახმარებით. ამდენად, ეს კანონი დისკრიმინაციულია –არჩევენ კონკრეტულ ჯგუფებს“.
ნანუაშვილი კანონის რუსულ ანალოგიაზე ამახვილებს ყურადღებას და შედეგებზე, რომელიც ოკუპანტ ქვეყანაში ამ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებით მიიღწა:
„ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა რუსეთის მაგალითი: რუსეთმა დაიწყო ჯერ სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მსგავსი კანონის ამოქმედებით, რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ მედია იყო საშიში მისთვის და კანონი განავრცო მასზე, რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ გააფართოვა კანონის მოქმედების არეალი და ის უკვე ფიზიკურ პირებსაც შეეხო. გარდა ამისა, ცალკე მიიღო პროცედურები, რომლებიც მისთვის არასასურველ ორგანიზაციებს გამოავლენდა და მოხდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის გაძევება ქვეყნიდან. ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ რუსეთის კონკრეტული პრეცედენტი გაითვალისწინა და პირდაპირ დაიწყო შეტევა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს შურისძიებაა იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ვცდილობდით, დაგვეფიქსირებინა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ძალადობა, კორუფციის ფაქტები, ის ძალიან მძიმე დარღვევები, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი ქვეყანაში. სწორედ ამას ვერ პატიობს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას“.
ნანუაშვილი დარწმუნებულია, რომ შემდეგი ეტაპი კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელება იქნება, როგორც ეს ამჟამად ხდება რუსეთში. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირს, სტუდენტსაც კი, რომელიც განათლებას დასავლური გრანტის მეშვეობით იღებს, ასევე მოუწევს „აგენტად“ დარეგისტრირება.
„სოციალურ ქსელშიც კი რომ დაწერ სტატუსს, იქვე უნდა მიაწეროს, რომ ეს განცხადება კეთდება „უცხოეთის გავლენის აგენტის“ მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმები მოჰყვება“,– განმარტავს ნანუაშვილი და დასძენს, რომ ეს დევნაა საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც „ხმას იღებენ“.
იხილეთ ასევე: „სერბეთიზაცია“: რაში სჭირდება „ოცნებას“ „აგენტების“ კანონი
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021