ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა

24-02-2023 10:42:31 მსოფლიო

ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. შესაბამისი გეგმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება; პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ამასთან, ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტუებული თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები მაგალითად ცეცხლის შეწყვეტაზე.

"მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მოსკოვისა და კიევის საპასუხო ნაბიჯებს პირდაპირი დიალოგის სწრაფი აღდგენის, სიტუაციაში დაძაბულობის თანდათანობითი შემცირებისა და საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის სასარგებლოდ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ჩინეთი ასევე აღნიშნავს, რომ ატომური იარაღის გამოყენება მიუღებელია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პირველად რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ პეკინი კონფლიქტის მოგვარების გეგმას გამოაქვეყნებს. ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც კრემლის მოკავშირედ ითვლება, უკრაინაში რუსეთის შეჭრა პირდაპირ არ დაუგმია და ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები