
აშშ–ის საელჩო: "პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"
24/02/2023 07:42:34 მსოფლიო
აშშ–ის საელჩო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია."
"ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთამენთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას. ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, რომ მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.", აცხადებს საელჩო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.
უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.