
"ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე არაბებს ვამარაგებ ბავშვებით"– საბაშვილმა პოლიციას მიმართა
06/11/2019 05:45:43 სხვა, სამართალი
თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს ნიკოლოზ საბაშვილს უცნობი პირები სოციალურად დაუცველი ბავშვების გარყვნაში სდებენ ბრალს. როგორც საბაშვილი ამბობს, მისთვის უცნობი ადამიანები facebook-ის სხვადასხვა გვერდებზე მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მან უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
"რამდენიმე დღეა, როგორც აღმოჩნდა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩემს მიმართ ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელება. ხან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მე ვიყავი 8 აგვისტოს, ომის დროს რუსეთის აგენტი, ახლა ვრცელდება, რომ მე არაბებს ვამარაგებ არასრულწლოვანი ბავშვებით. ვთხოვ სახელმწიფოს, იზრუნოს ამაზე, რომ ეს ფაქტი დროულად გამოიძიოს," - აცხადებს ნიკოლოზ საბაშვილი.
შსს-მ თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზე გამოძიება 373-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს.