კადიროვმა „გმირობისთვის“ საკუთარი თავი დააჯილდოვა

24-02-2023 21:22:45 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის „გმირის“ წოდება მიიღო. მედალი მას პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა გადასცა.

მისი თქმით, კადიროვი პირველია რეგიონში, რომელმაც მიიღო მსგავსი წოდება და დასძინა, რომ კადიროვის მოღვაწეობა "განსაკუთრებული შესწავლის ღირსია".

ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის მედალი თავად კადიროვის განკარგულებით 2022 წლის ოქტომბერში დაწესდა. თავის ტელეგრამ–არხზე კადიროვმა დაწერა, რომ აპირებს უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების დაჯილდოებას. მედალი რვაქიმიანი ვარსკვლავია, რომელიც დამზადებულია 750–სინჯიანი 70 გრამი ოქროთი.

გამოცემა „სოტა“ აღნიშნავს, რომ დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას ჩეჩნეთის ხელმძღვანელი იღებს. ამგვარად, კადიროვმა ჩენებს შორის უპირველესად საკუთარი თავი დააჯილდოვა.

თებერვლის შუა რიცხვებში კადიროვმა რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით მიიღო „ხალხის მამის“ წოდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები