Accentnews.ge
"იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის პირით ითქვა ტყუილი"

"იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის პირით ითქვა ტყუილი"

27/02/2023 09:01:49 პოლიტიკა

"იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის პირით ითქვა ტყუილი", – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს".

„რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან, მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები პირდაპირ ამხილა სიცრუეში. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა უკვე ამერიკულის ასლია წარმოდგენილი და ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. მას მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი. [...] ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია მჟღავნდება, როდესაც წარადგენ შემოსავალ-გასავლის დეკლარაციას. გარკვეული დეტალი ხდება ცნობილი, მაგრამ დაცულია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი პარტიების შემთხვევაში და დაცული იქნება არასამეწარმეო პირების შემთხვევაშიც. შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

"ხალხის ძალა" გეგმავს, დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს რიგით მეორე კანონპროექტი., რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S