„იყო შოკოლადში და ჩავარდა ფეკალურ მასებში“: რუსეთი, ჩინეთი და ომი

27-02-2023 18:05:21 ინტერვიუ

„დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამდა ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ აშშ–ისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული ხანგრძლივი შეხვედრა ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობების (რომლებიც პლანეტას მსოფლიო წესრიგის ორ სრულიად განსხვავებულ მოდელს სთავაზობენ) დათბობას მისცემდა იმპულსს დაძაბულობის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა მოსკოვთან პეკინის თანამშრომლობის გამო, რაც უცვლელი დარჩა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც. თუმცა ქვეყნებმა ბოლო თვეებში არაერთხელ გაცვალეს მკაცრი განცხადებები, მათ შორის, ტაივანის საკითხის ირგვლივ. გარდა ამისა, თებერვლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა საკუთარ საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო საეჭვო ჩინური სადაზვერვო ობიექტი. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფლობს ცნობებს ჩინეთის მიერ რუსული არმიის საჭიროებისთვის არალეტალური საშუალებების მიწოდების თაობაზე და აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ პეკინს ასევე შეუძლია მოსკოვისთვის ლეტალური იარაღის და/ან საბრძოლო მასალის მიწოდება, რაც „წითელ ხაზად“ ფასდება ვაშინგტონში. რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი დარწმუნებულია, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ორ ქვეყნის ურთიერთობებისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება: „ეს ჰგავს „ტიტანიკის“ ბილეთის ყიდვას მას შემდეგ, რაც უკვე ნანახი გაქვთ ფილმი ამის შესახებ. ამის გაკეთება არ შეიძლება!“.

ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი თვლის, რომ პეკინი და მოსკოვი (მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი ურთიერთობა – სიტუაციური თუ ძლიერი ალიანსი) გაერთიანებულნი არიან ვაშინგტონისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილით, რათა ჩაშალონ მისი გეგმები ყველგან, სადაც ამას შეძლებენ. იმავდროულად, პროცესზე დამკვირვებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ჩინეთს განიხილავს შემაკავებელ ფაქტორად რუსული პერიოდული ბირთვული შანტაჟის ფონზე.

თავის მხრივ, პეკინი, ერთის მხრივ, მჭიდრო ურთიერთობაშია მოსკოვთან, არ უერთდება საქნციებს და არც დიპლომატიურ არენაზე პოზიციონირებს მის წინააღმდეგ, მეორეს მხრივ, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გამოდის „სამშვიდობო“ ინიციატივით, რომელიც ზოგადი სურვილების ჩამონათვალი უფროა, ვიდრე რეალური გეგმა. პარალელურად, მისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი, რომელიც ომის გაჭიანურებას ესწრაფვის უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტების იმედით, სამხედრო დახმარებას საჭიროებს.

„რუსეთი აწარმოებს რიგ საშუალებებს, მაგრამ იმ რაოდენობისას ვერა, რაც სჭირდება და ეს ეტყობა კიდეც მის შეიარაღებულ ძალებს: საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს ვეღარ ქმნიან, რადგან ტექნიკა აღარ აქვთ და სახაზო ბატალიონებით ომობენ (მექანიზირებულიც აღარ არის ბატალიონი, ფაქტობრივად ქვეითია). ამდენად, რუსეთსაც უჭირს, არ აქვს ულევი აღჭურვილობა და შეიარაღება. ეს სარაკეტო დარტყმების სიხშირეშიც გამოჩნდა.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩიპებით და რიგი ნაწილებით რომ ამარაგებს რუსეთს, ფაქტია და ცნობილია კიდეც დასავლეთის დაზვერვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ტექნიკით არ ეხმარება და არ მგონია, ამაზე წავიდეს. ხოლო თუ წავიდა, ეს დაუსრულებელ ომად იქცევა და ძალიან დიდი იქნება ალბათობა მესამე მსოფლიო ომის დაწყების. მაგრამ ჯერ არც ჩინეთი და არც ნატო არ ერთვება ომში. ჩინეთის მასშტაბური მხარდაჭერის გარეშე კი რუსეთს მნიშვნელოვანი შეტევის წამოწყების შესაძლებლობა არ აქვს“,– უთხრა „აქცენტს“ გადამდგარმა გენერალ–მაიორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ.

რა თამაში წამოიწყო ჩინეთმა? შედის მის ინტერესში ევროპაში გაჩაღებულ ომში მხარედ დაფიქსირება?,– ამ საკითხების ირგვლივ „აქცენტი“ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს, ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.

მამუკა გამყრელიძე: ბუნებრივია, ჩინეთი მსოფლიოში განწყობების მონიტორინგს ახორციელებს და ხედავს, რომ სერიოზულად შეიცვალა დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ საზოგადოებებში, გაეროში, მთლიანად დასავლეთში და არა მხოლოდ – G20–ის იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც რუსეთის მეგობრებად მოიაზრებოდნენ (სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, ბრაზილია – მათთვისაც მიუღებელია ეს ომი), ამდენად, იძულებულია, ე.წ. მესამე მსოფლიოს ანგარიში გაუწიოს და გამოვიდა წინადადებებით, რომელიც ვიტყოდი, რომ უბრალოდ დოკუმენტია დოკუმენტისთვის – არაფრისმთქმელი.

– ყველამ ვიმეგობროთ, ჭირი იქა, ლხინი აქა, რაც არსებულ ვითარებაში არ გამოდის...

– რა თქმა უნდა. მაგრამ რაც მთავარია, იქ თავისი ძირითადი ინტერესი გაატარა – სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ეს ჩინეთის მუდმივი ინტერესია. სხვათა შორის, ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჩინეთის ექვსპუნქტიანი „მშვიდობის კონცეფცია“, რომელიც ჩინეთის კონცეპტუალურ ხედვას მოიცავს მთელს მსოფლიოში მშვიდობის შესახებ და იქაც ესაა ძირითადი პუნქტი, ვინაიდან მას აქვს ტაივანის პრობლემა, სეპარატისტული მოძრაობა სინ ძიან - უიგურის და ტიბეტის რეგიონებში, ზოგადად, მრავალეროვნულია ჩინეთი და ამ ნაწილში ვერასდროს დაიწყებს რუსეთის გამართლებას. მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაამართლოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის მოქმედებები, სხვა პუნქტებში იწყებს ამგვარი პოსტულატის შემოტანას, „ეს კონფლიქტი გამოწვეულია ნატო–ს გაფართოებით და დასავლეთის აგრესიული მოქმედებებით. ამიტომ გახდა რუსეთი იძულებული, წასულიყო ამ ნაბიჯზეო“ – „ორ სკამზე“ ჯდომის პოლიტიკაა. რაც შეეხება ლეტალურ იარაღს, აქ ძალიან ეშმაკური მომენტია (ხშირად, ძეხვის თხელ ნაჭრებს ადარებენ პეკინის პოლიტიკას): ნელ–ნელა იწყებს რაღაცის კეთებას ისე, რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოს. მაგალითად, ლეტალური იარაღის კონტექსტში საუბარია არა ფრთოსან რაკეტებზე, არამედ პერსონალურ იარაღზე და ტყვია–წამალზე.

– საუბარია დრონებზეც...

– აქაც ძალიან ეშმაკური მიდგომაა: შეუძლია ეს ამგვარად შეფუთოს, რომ ძალიან დიდი ქარხნები აქვს დრონების, რომლებიც ახორციელებენ ტყეების მონიტორინგს სტიქიური მოვლენების კონტექსტში. სინამდვილეში კი სადაზვერვო ფუნქცია აქვთ. შეუძლიათ თუ არა ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანა, ეს მეორე საკითხია ... ჯამში აუცილებლად იტყვის, რომ „თქვენ თუ უკრაინას უზარმაზარ შეიარაღებას აწვდით, რატომ არ შეიძლება, მე ჩემს სტრატეგიულ პარტნიორს მივცე?“. პასუხის შემთხვევაში, რომ „შენი სტრატეგიული პარტნიორი აგრესორია“, ის მოახდენს პედალირებას, „თქვენ დაიწყეთ გაფართოება და ჩემი სტრატეგიული პარტნიორი იძულებული გახდაო“.

– ანუ იტოვებს არეალს, რომ მხარედ არ დაფიქსირდეს...

– ცხადია. ის ამ წლების განმავლობაში დასავლეთის ყველა სანქციას უერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც გზებით მაინც ახერხებდა გვერდის ავლას. ახლა ხედავს, რომ ირანი ღიად ეხმარება რუსეთს – გაჩნდა რაღაც პრეცედენტი, პლუს, მარტში ლუკაშენკო [ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი – რედ.] უნდა ეწვიოს ჩინეთს და შეხვდეს სი ძინპინს. რაზე ისაუბრებენ? გამოიყენებს თუ არა ბელარუსს რუსეთისთვის იარაღის მისაწოდებლად? ვიცით, რომ მინსკთან ახლოს მდებარეობს უზარმაზარი ტექნოპარკი, სადაც ჩინეთმა 5–მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა – სერიოზული ტექნოლოგიური საწარმოებია და შეიძლება, რაღაც ნაწილების მიწოდება დაიწყოს რუსეთისთვის... ბევრი კითხვაა...

– და ეს რაზე იქნება დამოკიდებული?

– ახლა ჩინეთი ერთადერთი ინტერესია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი. თუ გახსოვთ, ბაიდენმა ღიად გააკრიტიკა პეკინის გეგმა და ბრძანა, „აბსურდია, აზრად მოგივიდეს, რომ ჩინეთს ახლა მშვიდობა უნდა. არც ერთი გეგმა არ იქნება ჩინეთის მხრიდან მოწოდებული, რომელიც არ იქნება რუსეთისთვის სასარგებლოო“, ეს გეგმა გააკრიტიკა ჟოზეფ ბორელმა [ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი – რედ.], ურსულა ფონდენლაიენმა [ევროკომისიის პრეზიდენტი– რედ.].

– დასავლეთში ჩინეთის, როგორ მშვიდობისმყოფლის როლს ეჭვით უყურებენ, მაგრამ რაში სჭირდება პეკინს ომის გაჭიანურება?

– საქმე იმაშია, რომ ამჟამად ჩინეთი სახალხო არმიის მოდერნიზებას და რეორგანიზაციას ახორციელებს, რომელიც 2035 წელს უნდა დასრულდეს და სურთ, ჩინეთის არმია გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე შეერთებული შტატების. მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება, ავიამზიდების, თვითმფრინავების მშენებლობა და ა.შ. შესაბამისად, მას სჭირდება, ყურადღება სხვა საკითხებზე იყოს გადატანილი და ეს ომი მისთვის იდეალური ვარიანტია: დასავლეთს მისთვის არ სცალია. ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე ყურადღების ზედმეტი კონცენტრაცია თავიდან აირიდოს, შეინარჩუნოს მშვიდობისმყოფელის სტატუსი, მიაწვდის თუ არა იარაღს რუსეთს, ეს სათუო საკითხია. შესაძლოა, ამერიკულმა დაზვერვამ პრევენციული განცხადება გააკეთა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთი იმგვარს რამეს არ გააკეთებს, რაც დასავლეთის მხრიდან ძალიან მწვავე რეაქციას გამოიწვევს. ის შეეცდება, პროცესი გაწელოს, საბოლოო ჯამში კი მიიღოს დასუსტებული რუსეთი, რომელსაც მთლიანად გაუწევს ექსპლუატაციას თავისი ენერგორესურსებით, მთლიანად გადაიბარებს ცენტრალურ აზიას, ერთგვარად შეასუსტებს ევროპასაც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბაზარი მას სჭირდება – შესაძლოა, აქ ეკონომიკური დანაკარგების მიიღოს, მაგრამ ამის კომპენსირებას აუცილებლად მოახდენს რუსული ენერგომატარებლების ძალიან იაფი შესყიდვით, დაირღვა რა რუსეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობები. ამასთან, ჩინეთი რუსეთთან ფინანსურ ურთიერთობას იუან–რუბლის საშუალებით ახორციელებს და ეს მას ხელ–ფეხს უხსნის საფინანსო რესურსების ძალიან თავისუფალი მიმოსვლის კუთხით, რაც აძლიერებს პეკინს. ამდენად, ცხადია, რომ მოგებაშია. ამასთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ G20–ის სამიტზე ჩინეთის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ მსოფლიო ბიპოლარული უნდა გახდეს, უნდა იყოს ორი ძლიერი სუპერსახელმწიფო – აშშ და ჩინეთი, ხოლო დანარჩენი, მათ გარშემო. ამ პარადიგმაში სრულად ჯდება სუსტი რუსეთი, პრინციპში, შესუსტებული ევროპაც, რომელიც აშშ–სთან მოიაზრება, ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია გადაბარებული ამერიკაზე ნატოს სახით და ა.შ. ანუ გეგმა, რაც აწყობს ჩინეთს და რაც პრინციპში, მიიღო შეერთებულმა შტატებმაც, ამ პარადიგმაში ჯდება, ასეთია მიზანი და აქეთკენ მიდის ყველაფერი.

– ანუ, ლოგიკა ამგვარია: ჩინეთი იმ მასშტაბის და იმგვარ დახმარებას უზრუნველყოფს რუსეთისთვის, რაც ომს გააჭიანურებს, მაგრამ არ შეიტანს გარდატეხას მასში...

– დიახ და არც იმ მასშტაბის მიწოდებას განახორციელებს, რაც დასავლეთის გაღიზიანებას და ყურადღების მისკენ მოტრიალებას გამოიწვევს.

– რა გამოდის, რა მიიღო ამ ომით რუსეთმა?

– იყო „შოკოლადში“ და ჩავარდა „ფეკალურ მასებში“: ჰქონდა იმიჯი, რომ ჰყავდა მეორე არმია მსოფლიოში, ჰქონდათ ძალიან მეგობრული ურთიერთობები დასავლეთის ლიდერებთან ყველა დონეზე, ვაჭრობდნენ უზარმაზარ თანხებზე და იღებდნენ უზარმაზარ მოგებას ნავთობიდან, ხე–ტყიდან, მეტალიდან...დღეს ეს ძალიან შემცირებულია. რატომ გააკეთეს ეს? არანაირ ლოგიკაში არ ჯდება! მგონია, რომ ეს ერთი ავადმყოფი ადამიანის ახირებაა, რომელსაც სურდა „მიწების შემგროვებლის“ სტატუსი, რეალურად კი ჩინეთის „საკბილოდ“ გადააგდო ქვეყანა.

ამ ომში ჩინეთი არ ჩაერევა და მის „სამშვიდობო წინადადებაზე“ შეგვიძლია, არც ვისაუბროთ, უბრალოდ მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის რუსეთშიც. კარგია, რომ ზელენსკიმ არ უგულებელყო ჩინეთის დოკუმენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი მას არ შეხვდება და ამ დოკუმენტის იქეთ არც არაფერი იქნება. ომის დამთავრება კი დასავლეთის და უკრაინელი ხალხის ხელშია – მიაწვდის [დასავლეთი – რედ.] საჭირო რაოდენობის შეტევით იარაღს უკრაინას? სწრაფად დასრულდება ომი, ხოლო თუ არ მიაწვდის, გაჭიანურდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები