Accentnews.ge
უკრაინა მოლდოვის საზღვარს ამაგრებს

უკრაინა მოლდოვის საზღვარს ამაგრებს

28/02/2023 10:25:09 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა მოლდოვის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ფორტიფიკაციებს აშენებენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

„მოლდოვის საზღვარზე არის ისეთი სეგმენტი, როგორიც დნესტრისპირეთია, სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, თავდაცვის ძალებმა გააძლიერეს ეს მიმართულება... არა მხოლოდ ძლიერდება კონტროლი, არამედ შენდება საინჟინრო და საფორტიფიკაციო ნაგებობები“. – განაცხადა დემჩენკომ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინის საზღვრები მოლდოვასა და ბელარუსთან დიდ ყურადღებას მოითხოვს:

„მტერი ცბიერია და გვესმის, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, იყოს პროვოკაციები. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს, დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების შეტევის ინსცენირება მოახდინოს. კერძოდ, მათი მტკიცებით, „აზოვის“ ბატალიონი შეიჭრება დნესტრისპირეთში ამ ტერიტორიიდან რუსული ჯარების შეტევის საბაბით და რომ უკრაინელი სამხედროები ამ დავალების შესრულებისას რუსული არმიის ფორმაში იქნებიან გამოწყობილი. მოლდოვა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთი სავარაუდოდ, „ცრუ დროშის“ ოპერაციებს ამზადებს.

ISW მიიჩნევს, რომ კრემლს არ აქვს სამხედრო პოტენციალი მოლდოვაზე თავდასხმისთვის, თუმცა, რუსეთის რიტორიკა მიუთითებს მოლდოვის სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრის მცდელობების ზრდაზე.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

თებერვლის შუა რიცხვებში სანდუმ განაცხადა, რომ მან მიიღო დოკუმენტები უკრაინის სპეცსამსახურებისგან, სადაც აღწერილია მოსკოვის მიერ ორგანიზებული შეთქმულება. უცხოელი დივერსანტების დახმარებით, ეს სავარაუდო განზრახვა, მიზნად ისახავდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დამხობას, ევროკავშირში გაწევრიანების თავიდან აცილებას და ქვეყნის ჩართავას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთი უარყოფს მოლდოვის დესტაბილიზაციის გეგმას.

27 თებერვალს მოლდოვის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით "ძირგამომთხრელი ქმედებების" განხორციელების განზრახვაში არიან მხილებულნი.

დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ.

SIS-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ ორმა ადამიანმა "ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელებლად" მონაცემებისა და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალურ მომზადება გაიარა.

SIS არ აზუსტებს, თუ როდის ჩავიდნენ უცხოელები მოლდოვაში, რომელი ქვეყნიდან და ვისთვის მუშაობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S