Accentnews.ge
სერბეთმა და კოსოვომ ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირის გეგმას მხარი დაუჭირეს

სერბეთმა და კოსოვომ ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირის გეგმას მხარი დაუჭირეს

28/02/2023 12:13:44 ევროპა

სერბეთისა და ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გეგმას ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა 27 თებერვალს ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

თუმცა, ბორელის თქმით, ეს მხოლოდ მზადყოფნაა ხელშეკრულების იმპლემენტაციის დასაწყებად, რაც შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. ამავდროულად, მხარეებმა პირობა დადეს, რომ არ მიიღებენ ცალმხრივ ზომებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დაძაბულობა და საფრთხე შეუქმნას შეთანხმების დადებას, – ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას,– იუწყება Reuters. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ საჭიროა შემდგომი კონსულტაციები. ამასთან, ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, კოსოვოს ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისებისთვის.

შეთანხმება 11 მუხლისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ "ერთმანეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე თანასწორობის საფუძველზე", "აღიარებენ ერთმანეთს დოკუმენტებს (პასპორტებს) და ეროვნულ სიმბოლოებს", "მოაგვარებენ ნებისმიერ დავას მხოლოდ მშვიდობიანი გზით" და არ გადაკეტავთ ერთმანეთს გზას ევროკავშირისკენ.

გარდა ამისა, შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ სერბეთი არ გააპროტესტებს კოსოვოს გაწევრიანებას არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის გაეროში და ორივე მხარემ „აიღო ვალდებულება, შექმნას კონკრეტული მექანიზმები და გარანტიები სერბული საზოგადოებისთვის თვითმმართველობის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად კოსოვოში“.

ბრიუსელში მოლაპარაკებების წინა დღეს, ევროკავშირის გეგმას ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობების მოგვარების შესახებ, აშშ-მა მხარი დაუჭირა.

ამავდროულად, პრორუსული სერბული ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა უკრაინის კრიზისის დასრულებამდე არ მოაწეროს ხელი კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმებას. იგივე პოზიცია სააგენტო Beta-სთან ინტერვიუში ბელგრადში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსი განისაზღვრება „სხვადასხვა გეოპოლიტიკურ პირობებში“ „დასავლეთთან კონფლიქტის უკრაინის ტერიტორიაზე“ დასრულების შემდეგ. რუსეთის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გეგმა სერბეთისთვის მიუღებელია, რადგან ის რეალურად მოითხოვს ბელგრადისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, – წერს "კომერსანტი".

2008 წელს კოსოვოს რესპუბლიკამ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. ის აღიარებულია გაეროს და ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების და აშშ–ის მიერ. მაგრამ ათობით ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ინდოეთი, საქართველო და ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო კვლავ უარს ამბობენ კოსოვოს აღიარებაზე. 2013 წლიდან ბელგრადი და პრიშტინა ურთიერთობების მოგვარებას ევროკავშირის შუამავლობით ცდილობენ.

სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი გამწვავდა გასული წლის ივლისში, როდესაც პრიშტინამ გადაწყვიტა სერბეთის შესული მოქალაქეებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება და მოსთხოვა სერბეთის უმცირესობას ძველი სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეეცვალა. ნოემბრის ბოლოს, ევროკავშირის შუამავლობით, კოსოვომ და სერბეთმა მოაგვარეს დავა სანომრე ნიშნების შესახებ, მაგრამ კონფლიქტები კვლავ წარმოიშვა რეგიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S